ბიუჯეტი 2017

ბიუჯეტის პროგრამები, რომელთა ათვისებაშიც უკვე წლებია პრობლემებია

iStockPhoto

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთელი რიგი პროექტების დაფინანსება, რომელთა ათვისებაშიც პრობლემებია, იზრდება ან ანალოგიურ დონეზე ნარჩუნდება. იმ პროგრამების ჩამონათვალში, რომლის ათვისებაშიც პრობლემებია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაც შედის. აუდიტის სამსახური მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ სანამ მომავალი წლის ბიუჯეტს დაგეგმავს, იქამდე შეამოწმოს, იყო თუ არა წინა წლებში ამ პროგრამების ათვისებაში პრობლემები.

სამთავრობო პროგრამები, რომელთა ბიუჯეტებიც იზრდება და 2016 წლის 8 თვის მონაცემებით შესრულება გეგმას ჩამორჩება:

  • ავტობანის მშენებლობა - ათვისება - 46%, ბიუჯეტი - 379 მილიონი, ზრდა 38%
  • წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა - ათვისება - 47%, ბიუჯეტი - 200 მილიონი, ზრდა 17%
  • სამხედრო განათლება - ათვისება - 51%, ბიუჯეტი - 45 მილიონი, ზრდა 83%
  • ათასწლეულის გამოწვევა საქართველო - ათვისება - 35%, ბიუჯეტი - 93 მილიონი, ზრდა 12%
  • მართვის, კონტროლის სისტემები - ათვისება - 25.8%, ბიუჯეტი - 10 მილიონი, ზრდა 61%
  • სასამართლოს თანამშრომელთა გადამზადება - ათვისება - 52%, ბიუჯეტი - 1.5 მილიონი, ზრდა 2%
  • აგროსექტორის განვითარება - ათვისება - 33%, ბიუჯეტი 34, ზრდა 19%
  • ფინანსური მართვის ელექტრონული უზრუნველყოფა - ათვისება - 42%, ბიუჯეტი - 8.8 მილიონი, ზრდა 13%

პროგრამები, რომელთა შესრულებაშიც წლებია პრობლემებია:

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს "აგროსექტორის ხელშეწყობა/განვითარების" ქვეპროგრამის გეგმამ 2015 წლისთვის 8.6 მილიონი, საკასო შესრულებამ კი გეგმის 72% შეადგინა. 2016 წლის ბიუჯეტის კანონით აღნიშნულ ქვეპროგრამაზე გამოიყო 28.5 მილიონი, საიდანაც 8 თვის მდგომარეობით მხოლოდ 9.6 მილიონი ლარი და წლიური გეგმის 33.7% იქნა ათვისებული. მიუხედავად ამისა, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით აღნიშნული ქვეპროგრამის ასიგნებები იზრდება 19.6%-ით და 34 მილიონი ლარის დონეზეა განსაზღვრული;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" რეგულარულად დაბალი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდება და გასული ორი წლის განმავლობაში პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა. ანალოგიური ტენდენცია გრძელდება 2016 წელსაც, სადაც 8 თვის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ათვისებული სახსრების მოცულობა 29 მილიონი ლარის დონეზე დაფიქსირდა, რაც წლიური გეგმის (82 მილიონის) მხოლოდ 35.0%-ია. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროგრამის ასიგნებების ოდენობა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით კვლავ იზრდება და 93 მილიონ ლარს უტოლდება;

თავდაცვის სამინისტროს "მართვის, კონტროლის, კავშირგაბმულობის და კომპიუტერული სისტემების" პროგრამაზე 2016 წლის ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ოდენობამ 6.2 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა 8 თვის მდგომარეობით ათვისებულ იქნა 1.602 მილიონი ლარი, რაც გეგმის მხოლოდ 25.8%-ს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროგრამის ასიგნებები 61.8%-ით იზრდება და 10 მილიონ ლარს უტოლდება;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისთვის" ბიუჯეტით დამტკიცებული სახსრების ათვისება გასული წლების განმავლობაში სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შედეგად, 2015 წელს პროგრამის შესრულების მაჩვენებელი წლიურ დამტკიცებულ გეგმასთან 18.0%-ს გაუტოლდა. 2016 წლის ბიუჯეტის კანონით აღნიშნული პროგრამის ასიგნებები 4 მილიონი ლარის დონეზე განისაზღვრა, თუმცა 8 თვის მდგომარეობით გახარჯულ იქნა წლიური გეგმის მხოლოდ 11.4%. მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი კანონის პროექტით, პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებები უმნიშვნელოდ იზრდება და 4.05 მილიონ ლარს შეადგენს", - წერია აუდიტის დასკვნაში.

კომენტარები