საკონსტიტუციო სასამართლო

თავაძე: ვაპირებთ გადაწყვეტილებებით საუბარს საზოგადოებასთან

საკონსტიტუციო სასამართლო

ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ჟურნალისტებთან საზოგადოებაში არსებულ იმ ეჭვზე ისაუბრა, რომ ის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი იქნება. მისი თქმით, ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილებები იმეტყველებს.

"საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ - სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, ამაზე გადაწყვეტილებები იმეტყველებს. ყველაფერს გაეცემა პასუხი ჩვენი გადაწყვეტილებებით. ვაპირებთ გადაწყვეტილებებით საუბარს საზოგადოებასთან", - თქვა თავაძემ.

ზაზა თავაძეს ასევე ჰკითხეს, როდის იქნება ე.წ. კაბელების/უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეებზე გადაწყვეტილებები. "ყველა საქმე ერთი და იგივეა იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ყველა ადამიანისა ერთი და იგივეა. ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით, რა ვადებიცაა განსაზღვრული", - უპასუხა მან.

თავაძის თქმით, მოადგილეების კანდიდატურებს პლენუმს 10 დღის ვადაში წარუდგენს.

"პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევაზე ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება, სწრაფი მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა", - თქვა თავაძემ.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 3 წლითა და 7 თვით, 2020 წლის 15 ივნისამდე, იქნება, რადგან მას უფლებამოსილება სწორედ ამ ვადაში ეწურება.

კომენტარები