ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, შპს ჯორჯიან მანგანეზის იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიჭიკაშვილი ჯორჯიან მანგანეზის ინტერესებს იცავდა, რა დროსაც, ექსპერტიზის ჩამტარებელი პირის მოსყიდვა სცადა. კომპანიას გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავება. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯორჯიან მანგანეზმა გარემოს 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენა.

"საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვის პროცესში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით, სსიპ „გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან" გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საექსპერტო ჯგუფის წევრებთან უშუალო ურთიერთობა დაევალა შპს „ჯორჯიან მანგანეზის" იურისტს, მირიან ბიჭიკაშვილს. ბრალდებულმა, ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში, საექსპერტო დასკვნაში მათთვის სასურველი, ყალბი მონაცემების დაფიქსირების მიზნით, კომერციული მოსყიდვის გზით ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები