თავდაცვის სამინისტრო

კრწანისის ბაზაზე მოკლულის მამა: კითხვებზე პასუხები მივიღე, გამოძიებას დაველოდოთ

რუსთავი 2

კრწანისის სასწავლო ცენტრში მოკლულის მამამ რომან შენგელიამ შემთხვევის ადგილის დაათვალიერების შემდეგ პოზიცია შეცვალა. შენგელია ამბობს, რომ გამოძიების დასრულებას დაელოდება.

"რა კითხვებიც მქონდა, იმაზე პასუხები მივიღე. გამოძიებას დაველოდოთ. სროლა შიდა ტერიტორიაზე მოხდა. ზურგიდან არის ნასროლი. ზურგიდან იქნებოდა ნასროლი, მირბოდა შიდა ტერიტორიიდან. სურათი ვნახე და მას პისტოლეტი არ ჰქონია, „გაზოვია" რაღაც. როგორც მე ვნახე, დაცული ტერიტორიაა. ტერიტორიაზე ალბათ რაღაცის მოსაპარად შევიდნენ, არ ვიცი, აბა რაზე უნდა შემოსულიყვნენ ან მეგობართან მივიდნენ, არ ვიცი. ბევრი ინფორმაცია მოვიდა, რომელიც ცრუ აღმოჩნდა", - თქვა რომან შენგელიამ და აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ უნახავს.

მოკლული გიგა შენგელიას მამა ამ წუთებში სამხედრო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის დათვალიერებამდე, რომან შენგელია გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავდა. ასევე ამბობდა, რომ საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი 23 ოქტომბერს დილით შეიჭრა. უწყების მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა, რასაც 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია ემსხვერპლა.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეფასებით, გუშაგი ნორმების დაცვით მოიქცა. მინისტრის თქმით, დაღუპულის ძმა კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე 15 სექტემბრამდე მსახურობდა და მის მიმართ გამოძიებას ნამდვილად აქვს გარკვეული კითხვები.

კომენტარები