ქუცნაშვილი: არ ვუჭერთ მხარს მარიხუანის დეკრიმინალიზაციას

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ტაბულასთან საუბარში ეხმაურება გირჩის დღევანდელ მოთხოვნას მარიხუანის მოხმარება/დათესვის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქართული ოცნება დეკრიმინალიზაციას მხარს არ უჭერს.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონსერვატიული მიდგომა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ შევუწყოთ ხელი არც პირდაპირ და არც ირიბად ამ მავნე ჩვევას თუ დაავადებას. გვაქვს კონსერვატიული მიდგომა და ჩვენ მას ჯერჯერობით არ ვცვლით.

გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, რომ მსუბუქი თუ მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ შეუწყობს ხელს საზოგადოების გაჯანსაღებას. გვაქვს ასეთი პოზიცია. იმიტომ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი, მსუბუქი ნარკოტიკი იქნება თუ მძიმე, მაინც წარმოადგენს პოტენციურ... გვაქვს არგუმენტაცია ამასთან დაკავშირებით.

ლეგალიზაცია ნიშნავს სწორედ დეკრიმინალიზაციას. ისინი ითხოვენ ლეგალიზაციას იმის გამო, რომ მოხდეს დეკრიმინალიზაცია. ჩვენ ძალიან შევამსბუბუქეთ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ნარკოტიკების შეძენა/მოხმარება/გასაღება ერთნაირად ისჯებოდა, გავყავით 273-ე მუხლი და, შესაბამისად, შევამსუბუქეთ პასუხისმგებლობა მოხმარებისთვის, თან ისიც განმეორების შემთხვევაში

ისინი ამბობენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ანუ მარიხუანის მოხმარება არის ჩვეულებრივი ნორმა. შეიძლება კონსერვატიული დავარქვათ ამ მიდგომას, მაგრამ გვაქვს ეს მიდგომა, რომ არ ვუჭერთ მხარს დეკრიმინალიზაციას.", - თქვა ქუცნაშვილმა.

ტაბულას კითხვას, რამდენად ადეკვატურია 6-12 წლამდე პატიმრობა მარიხუანის მოყვანისთვის, ქუცნაშვილი პასუხობს - "ეს არ გახლავთ მხოლოდ იურიდიული საკითხი. არ უნდა ვუყუროთ ამას მარტო სასჯელების ზომების მიხედვით. არ გახლავთ მარტო იურიდიული საკითხი, აქედან გამომდინარე, სასჯელს აზრი ეკარგება, თუ მათ სანქცია არ ექნათ".

თუ გირჩის მოთხოვნა არ შესრულდება, პარტიის წევრები 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე პარტიის ოფისში მარიხუანას, პირდაპირ ეთერში, დარგავენ. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოყვანა 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები