აშშ

ვაშინგტონის ერთ-ერთმა რესტორანმა ნაციონალისტების მასპინძლობისთვის ბოდიში მოიხადა

Twitter/ANGELTILALOVE

ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთმა რესტორანმა საჯარო ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებს უმასპინძლა, რომლებიც ადოლფ ჰიტლერს მიაგებდნენ პატივს.

სადილი ნაციონალისტური ორგანიზაცია ნაციონალური პოლიტიკის ინსტიტუტის დაფინანსებული იყო. ორგანიზაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპს უჭერდა მხარს.

სადილზე ორგანიზაციის წევრები სწორედ დონალდ ტრამპის გამარჯვებას აღნიშნავდნენ. რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაც გაიმართა, დემონსტრანტებმა რესტორანში შესვლა და სადილის ჩაშლაც სცადეს, თუმცა მათ ხელი პოლიციამ შეუშალა.

საჯარო ბოდიშის წერილი კი, რესტორანმა ორშაბათს გაავრცელა. წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ რესტორანი სხვა სახელით დაჯავშნა და რესტორნის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა სახის ჯგუფს მასპინძლობდნენ. 

როგორც წერილში ვკითხულობთ, რესტორანი სადილიდან შემოსულ 10 000 დოლარს ორგანიზაცია Anti-Defamation League-ს (რასიზმის მსხვერპლთა ფონდი) გადაურიცხავს.

კომენტარები