ტურიზმი

აზარტული თამაშებისთვის აჭარას უცხოელ ვიზიტორთა 9% სტუმრობს

ბათუმი, კაზინო golden palace
hotelroomsearch.net

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, აჭარაში უცხოელი ვიზიტორების 9.1% აზარტული თამაშებისთვის ჩადის. კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ერთი ტურისტის მთლიანი ვიზიტის ხარჯი აჭარაში საშუალოდ 1 059 ლარს შეადგენს. 

ვიზიტორების უმრავლესობა აჭარაში ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად - 55.7% და აზარტული თამაშებისთვის - 9.1% ჩამოდის, თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,2% უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 90%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 38.6%, ხოლო კულტურული ტურიზმით 31.24 % ტურისტია დაკავებული.

გამოკითხულ ვიზიტორთა 72% ძალიან კმაყოფილია რეგიონში დასვენებით. მათ 95%-ს სურვილი აქვს, აჭარას ისევ ეწვიოს. ვიზიტორთა კმაყოფილების დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა (73%), სამზარეულო (68%), ღვინო (47%), ბუნება (89%) და უსაფრთხოების პირობები აჭარაში (80%). 

რაც შეეხება პრობლემებს, აჭარაში აპრილ-ივნისში მყოფი ტურისტებისთვის პრობლემების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია. პრობლემებს შორის უამინდობას 909 გამოკითხულოდან 1,03%, კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებს 1,25%, სასტუმროს მომსახურება/პირობებს 0,64% და საგზაო ინფრასტრუქტურას 0,42% უჭირავს.

მიუხედავად პრობლემების იდენტიფიცირებისა, გამოკითხულ ვიზიტორთა მხოლოდ 4%-მა შეძლო დაესახელებინა დამატებითი სერვისები, რომელთა ხილვასაც აჭარაში ისურვებდნენ. მათ შორის რეკომენდაციების სახით მოხვდა ბიბლიოთეკა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში (0,42%), რუსულენოვანი აუდიოგიდი (0,42%), დამატებითი ავიარეისები ბათუმის აეროპორტში (0,6%), დამატებითი ატრაქციონები პარკებში (0,6%), საერთო საპირფარეშოები ქალაქში (0,6%) და სავაჭრო ცენტრები (0.6%).

კვლევა აპრილ-ივნისის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა უცხოეთის 909 მოქალაქემ მიიღო.

კომენტარები