ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ვთვლი, რომ სწრაფად უნდა ჩავატაროთ ყრილობა და ავირჩიოთ პარტიის თავმჯდომარე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიგა ბოკერია პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მას ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე დავით ბაქრაძის არჩევას უჭერს მხარს, რადგან მიხეილ სააკაშვილი, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საქართველოს მოქალაქე, არ არის პარტიის თავმჯდომარე.

"ჩემი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, მე ვთვლი, რომ ძალიან სწრაფად უნდა ჩავატაროთ ყრილობა, რადგან თვითმმართველობის არჩევნები მოდის. მე ვთვლი, რომ ევროპული პრაქტიკის მიხედვით უნდა ჩავატაროთ ყრილობა, სადღაც 2 000-იანი ადამიანით, თუ შევადარებთ თანაზომად პარტიებს და უნდა ავირჩიოთ თავმჯდომარე. დავით ბაქრაძე არის ჩვენი პარტიისთვის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ ვითარებაში, რომელიც გვაქვს, უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე," - ამბობს ბოკერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მინიმუმ 7 000 დელეგატი მიიღებს. დღევანდელ ღია კენჭისყრას პოლიტსაბჭოს 60-დან 50 წევრი ესწრებოდა. ერთმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე ყრილობის ჩატარების ორი წესი განიხილეს, ერთი მათგანი ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარადგინა და ის 2 158-დელეგატიანი ყრილობის 27 დეკემბერს ჩატარებას ითვალისწინებდა. მეორე დოკუმენტი კი, ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა. ამ წესის მიხედვით, ყრილობა 20 იანვარს უნდა ჩატარდეს და მასში ხმის უფლების მქონე მინიმუმ 7000-მდე დელეგატმა (არჩევნებში მიღებული 70 ხმა=1 დელეგატს) მიიღოს მონაწილეობა. როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ მეორე ვარიანტს, ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდა მხარს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის მხარდაჭერებს სურთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები