ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი: ჰერალდიკის კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

.nbg.gov.ge

სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების შესახებ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით, ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის საკითხი ეროვნულმა ბანკმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უნდა შეუთანხმოს, ეს კი ეროვნული ბანკის დასკვნის მიხედვით პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლს, რომლითაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაა გარანტირებული.

"წარმოდგენილი კანონპროექტით, ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინისა და გაფორმების საკითხი ეროვნულმა ბანკმა უნდა შეათანხმოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან და მხოლოდ საბჭოსგან დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ მოახდინოს ფულადი ნიშნების ემისია („სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების შესახებ“ კანონის პროექტის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი; ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის 35-ე მუხლის 21 პუნქტი). როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ფულის ემისია მოიცავს. მათ შორის, ფულის ნიშნების დიზაინსა და გაფორმებას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული უფლებამოსილება კონსტიტუციით არც ერთ სხვა დაწესებულების კომპეტენციაში არ შედის გარდა ეროვნული ბანკისა. ამრიგად, წარმოდგენილი სქემით ეროვნული ბანკის კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნქციებში ხდება სხვა დაწესებულების ჩარევა, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ორგანული კანონის მე-4 მუხლის პუნქტის („ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა“) დარღვევას.

ეროვნული ბანკი დამოკიდებული ხდება კონსტიტუციით გარანტირებული ფუნქციის შემადგენელი ერთ-ერთი საკვანძო აქტივობის (ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალის, ზომის, წონის, რაოდენობის, გაფორმების, მასალის, დამცავი ნიშნებისა და სხვა მახასიათებლების განსაზღვრა) განხორციელებისას სხვა დაწესებულების დასკვნაზე. აღნიშნული, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ორგანულ კანონს და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით გარანტირებულ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ამასთან, ხაზგასასმელია ის საკითხიც, რომ ნებისმიერი ორგანოს მიერ ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების ემისიის უფლებამოსილებაში ჩარევა წარმოშობს რეალურ რისკს საფრთხის ქვეშ დადგეს ზოგადად ქვეყნის ნაღდი ფულით მომარაგების საკითხი. შესაბამისად, შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვნად გაურთულდება კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ფულის ნიშნებით ეკონომიკის მომარაგების საკითხი. 

ეროვნული ბანკი კატეგორიულად არ ეთანხმება შემოთავაზებულ ცვლილებებს, და მიაჩნია რომ მათი ამოქმედება არსებითად გამოიწვევს ეროვნული ბანკის, როგორც ფულის ნიშნების ემისიის ექსკლუზიური უფლების მქონე ორგანოს დამოუკიდებლობის შესუსტებას და მნიშვნელოვნად გაართულებს მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას”,- წერია ეროვნული ბანკის დასკვნაში.

კომენტარები