საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

დეკანოზი ლევან მათეშვილი: დიღმის საეკლესიო დაჯგუფება მე-4 სტადიის სიმსივნედ იქცა

დეკანოზი ლევან მათეშვილი
facebook.com/dekanozilevan.mateshvili

დეკანოზ ლევან მათეშვილის თქმით, "დიღმის საეკლესიო დაჯგუფება" მე-4 სტადიის სიმსივნედ იქცა. სასულიერო პირი ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე წერს და დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის დეკანოზ დავით ისაკაძესა და მის თანამოაზეებს გულისხმობს, რომელმაც ქადაგებისას დეკანოზებს, თეოდორე გიგნაძესა და ალექსანდრე გალდავას მწვალებლები და ეკლესიის მტრები უწოდა.

"12-15 წლის წინ, როდესაც "დიღმის" დაჯგუფებამ გადაწყვიტა მაშინდელი ავტორიტეტული სასულიერო პირის, პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელისთვის იერიშის მიტანა, მაშინ რომ სასულიერო პირების უმრავლესობა დასდგომოდა გვერდში მამა გიორგის, რომელმაც დეტალურად აღნუსხა ტოტალიტარული დაჯგუფების "საქმენი საგმირონია", დღეს ამგვარი ვითარება ეკლესიაში არ იქნებოდა! უმეტესობა გაუფთხილდა თბილ ადგილებს, ან უბრალოდ თავი არ შეიწუხა! არადა, ეს პრობლემა დღეს მე-4 სტადიის სიმსივნედ იქცა! დღეს არის კრიტიკული მომენტი, ან ეკლესიას დაეპატრონებიან "განათლებული","მოსიყვარულე","სათნო" ძალები და ეს ეკლესია ცოტა ხანში ნახავთ სად აღმოჩნდება! ან ვისაც გიყვართ იესო ქრისტე და მისი ეკლესია წინ უნდა აღვუდგეთ მომძლავრებულ მეტასტაზებს!", - წერს ლევან მათეშვილი.

წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიის დეკანოზმა დავით ისაკაძემ, მამა თეოდორე გიგნაძისა და მამა ალექსანდრე გალდავას განცხადებებს "მწვალებლური" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ქადაგებებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ცდუნდება.

ისაკაძის განცხადებას გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძეც. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიის ვალია დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ფანატიკოსთა მავნებლური, ცილისმწამებლური, თავხედური თავდასხმებისგან დაიცვას. სასულიერო პირი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

კომენტარები