ბიუჯეტი 2017

პრემიერი: ვზრდით იმ გადასახადებს, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას არ შეანელებს

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მხოლოდ იმ გადასახადებს ზრდის, რომელიც ეკონომიკურ ზრდას არ შეანელებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე თქვა.

"ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაში, რომელიც ყველაზე მეტად აისახება ეკონომიკური ზრდაზე პოზიტიურად. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე", - ამბობს პრემიერი.

ცნობისთვის, ბიუჯეტის მიხედვით გადასახადების ზრდით შემოსავლები 518 მილიონით გაიზრდება.

თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 190-200 მილიონი ლარით; მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით - 45 მილიონი ლარით.

ბენზინზე, დიზელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის ზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება -250 მილიონი ლარით.

ტოტალიზატორის ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-მდე გაზრდით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 30 მილიონი ლარით.

40 ათას ლარზე მეტი შემოსავალის მქონე ფიზიკურ პირთა ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის შედეგად საშემოსავლო ნაწილი სავარაუდოდ გაიზრდება 3 მილიონი ლარით.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც გადასახადების შემცირებისკენაა მიმართული, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა. მომავალ წელს მთავრობა ამ გადასახადიდან 681 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს, ეს წლევანდელთან შედარებით 300 მილიონით ნაკლებია, შესაბამისად, ახალი გადასახადების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაა.

კომენტარები