ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ინტერვიუ გია ნოდიასთან ენმ-ში მიმდინარე პროცესების შესახებ

გია ნოდია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაყოფის პირზეა. რატომ გახდა ერთობა შეუძლებელი? ვისი პასუხისმგებლობა იქნება გაყოფა, რამდენად შეუწყო ამას ხელი მიხეილ სააკაშვილის რიტორიკამ, რა შეცდომები დაუშვეს მხარეებმა, გაყოფის შემთხვევაში, ცალ-ცალკე რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეთ პარტიებს, რა ეფექტი აქვს/ექნება გიგი უგულავას აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში დაბრუნებას? - ამ საკითხებზე ტაბულა პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაყოფის პირზეა. რატომ გახდა ერთობა შეუძლებელი, როგორც ამას პარტიის წევრები ამბობენ? ვისი პასუხისმგებლობა იქნება გაყოფა, თუკი ასე მოხდა?

გაყოფის მიზეზი ძირითადად ორია. ერთი შეეხება იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პარტიამ, მეორე - თუ რა ტიპის პარტია უნდა იყოს ის თავისი აგებულებით. ფრთა, რომელსაც პირობითად „თბილისის ხელმძღვანელობას“ ვუწოდებ, თვლიდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იმოქმედოს როგორც საპარლამენტო პარტიამ, რომელიც ორიენტირებული იქნება საარჩევნო წარმატებაზე, შემდეგ, თუ საჭირო გახდა, კოალიციების შექმნაზე და ა. შ. მიხეილ სააკაშვილი, ამის საპირისპიროდ, ამოდის დაშვებიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ძალიან მცირეა, ან შეიძლება, საერთოდ არც არსებობდეს, ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა ძირითადად მასობრივი პროტესტის მოძრაობა უნდა იყოს. კონფლიქტი სწორედ ამ საკითხების გამო დაიწყო: აღიაროს თუ არა პარტიამ დამარცხება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში? შევიდეს თუ არა პარლამენტში? 

მეორე საკითხი ისაა, თუ როგორ უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის „მიშისტური“ ფრთის აზრით (რომელსაც, გასაგები მიზეზებით, სააკაშვილის ერთგული მომხრეები ახმოვანებენ და არა თვით ის), ეს ერთი ლიდერის გარშემო არსებული პარტია უნდა იყოს. რაკი პარტია მიხეილ სააკაშვილის შექმნილია, მისი რეალურად ძალიან დიდი მიღწევები (ისევე როგორც შეცდომები) მას უკავშირდება, რაკი ხალხის (როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების) თვალში სააკაშვილი რჩება პარტიის ბრენდად თუ სიმბოლოდ, ეს ყოველთვის ასე უნდა დარჩეს. გადაწყვეტილების მიმღები ყოველთვის სააკაშვილი უნდა იყოს, ვინც მას რაიმე პრინციპულ საკითხზე არ დაეთანხმება, ავტომატურად პარტიას უპირისპირდება. „თბილისის ხელმძღვანელობა“ კითხვის ქვეშ არ აყენებს სააკაშვილის ისტორიულ დამსახურებას ან მის განსაკუთრებულ როლს პარტიის იდენტობისთვის, მაგრამ თვლის, რომ პარტიის შემდგომი განვითარებისთვის და ინსტიტუციონალიზაციისთვის საჭიროა უფრო მკაფიო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული ვერ იქნება. მით უმეტეს, ეს ასე უნდა იყოს პირობებში, როდესაც სააკაშვილი (ცხადია, იძულებით) საქართველოში ფიზიკურად არ იმყოფება და (უკვე საკუთარი ნებით) უკრაინელი პოლიტიკოსი გახდა და საქართველოს მოქალაქეობა დათმო: ამ პირობებში, ის პრაქტიკულად ვერ შეძლებს პარტიის ხელმძღვანელობას. ამ ორ ხედვას უკავშირდება პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი: „მიშისტები“ თვით ამ საკითხის დაყენებას ერთგვარ მკრეხელობად, სააკაშვილისგან „გამიჯვნად“ და მისი დამსახურების დაუფასებლობად აღიქვამენ; „თბილისის ხელმძღვანელობისთვის“ თავმჯდომარის საკითხი უპირველეს ყოვლისა პრაქტიკული და ორგანიზაციულია: ეფექტური ფუნქციონირებისთვის, პარტიას სჭირდება მოქმედი და არა სიმბოლური ლიდერი, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებს (ცხადია, გუნდთან ერთად) და არა სააკაშვილის შეხედულებებს გააჟღერებს. 

რაც შეეხება გაყოფისთვის პასუხისმგებლობას, აშკარაა, რომ ორივე მხარე ცდილობს, ის ერთმანეთს „აკიდოს“. ორივეს აქვს გარკვეული არგუმენტი. „მიშისტური“ ფრთა ამოდის იქიდან, რომ „ჩვენ უმრავლესობა ვართ“, აქტივისტების და მომხრეების დიდი უმრავლესობისთვის პარტია სააკაშვილის პარტიაა, ამიტომ მეორე ფრთას პარტიის სახელით ლაპარაკის უფლება არა აქვს. საერთოდ, ტერმინი „გაყოფა“ არასწორია: უბრალოდ, პარტიას ემიჯნება პატარა ჯგუფი, როგორც მანამდე გაემიჯნენ „გირჩი“ ან გიორგი ვაშაძე და მისი მომხრეები. 

„გამიჯნულების“ მიმართ ბრალდებებიც იგივეა: უსაფუძვლო ამბიცია, ივანიშვილთან ფარული გარიგება და ა. შ. თავის მხრივ, „თბილისის ხელმძვანელობა“ ყურადღებას უფრო მეტად ამახვილებს პროცედურულ-ორგანიზაციულ მხარეზე: მაგალითად, „მიშისტური“ ფრთის მხრიდან პოლიტსაბჭოს ბოიკოტზე, ყრილობის მომზადების პროცესის უზურპაციაზე, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მომავალი ყრილობის ლეგიტიმურობას. 

ეს არგუმენტები თავისთავად მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ მეტ-ნაკლებად ობიექტური ანალიზი გვინდა, უნდა გამოვიდეთ არა იმდენად მხარეების საჯაროდ გამოთქმული პოზიციებიდან, არამედ ინტერესებიდან, რადგან პოლიტიკა პირველ რიგში ინტერესებზეა აგებული. რომელი მხარის ინტერესებში იყო პარტიის გაყოფა? ოღონდ ეს კითხვა უნდა დავსვათ არა ზოგადად, არამედ იმ პირობებში, როდესაც უკვე არსებობს აზრთა პრინციპული სხვადასხვაობა იმაზე, რაზეც წინა შეკითხვაზე პასუხისას ვილაპარაკე. როდესაც პოზიციათა შორის ასეთი სერიოზული განსხვავებაა, საჭიროა თუ არა, პარტია მაინც ერთიანი დარჩეს? 

რამდენად შეუწყო ხელი პარტიის გაყოფას მიხეილ სააკაშვილის რიტორიკამ - მათ შორის, მეორე მხარისთვის გარიგებულების წოდებამ? პარტიაში არსებული დაპირისპირებაც, რომელიც მანამდეც არსებობდა, სწორედ მან გამოიტანა საჯარო სივრცეში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ჩემი დაკვირვებით, მოცემულ ეტაპზე გამიჯვნა უფრო მიხეილ სააკაშვილის ინტერესებშია, რადგან მან არჩევნების წინა პერიოდში დაკარგა პარტიაზე კონტროლი, „თბილისის ხელმძღვანელობა“ მის მითითებებს აშკარად აღარ ემორჩილებოდა, და ეს მდგომარეობა მას არ აკმაყოფილებდა. სააკაშვილის მარცხი ყველაზე პრინციპულ საკითხში, რაც არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში არშესვლას შეეხებოდა, უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ჯერ, მან, თითქოს, მიიღო პარტიის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოოდ ვეღარ შეეგუა, რომ პარტია მთლად „მისი“ აღარაა. ამიტომ მან წაახალისა „პოპულისტური ჯანყი“, რომლის დროსაც პარტიის რიგითი წევრები ან უბრალო ხალხი მცირე ელიტურ ჯგუფს ებრძვის. მისი და მისი მომხრეების აზრით, „თბილისის ხელმძღვანელობის“ მცირე ჯგუფისგან გამიჯვნა პარტიას დიდად არ დააზიანებს, რადგან პარტიის ძირითადი კაპიტალი სააკაშვილია. სწორედ ამიტომ, გამიჯვნის საკითხში უფრო აგრესიული სწორედ სააკაშვილის ფრთა იყო: კერძოდ, ეს გამოვლინდა სააკაშვილის განცხადებაში „ყოფილ თანაგუნდელებზე“, პოლიტსაბჭოს ბოიკოტში, და ა. შ. 
მეორე ფრთისთვის გამიჯვნა უფრო მტკივნეულია, რადგან პერსონებზე აგებული ქართული პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, მას შეიძლება, უფრო გაუჭირდეს ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მოზიდვა. ამიტომ, ეს ფრთა უფრო მეტად და უფრო დიდხანს იბრძოდა ერთიანობის შენარჩუნებისთვის, ოღონდ არც საკუთარი პრინციპული პოზიციების დათმობა სურდა. როგორც ვხედავთ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 

რა შეცდომები დაუშვეს მხარეებმა, თუკი დაუშვეს? რამდენად სწორად წარმართეს კომუნიკაცია და იყო თუ არა გასაგები დაპირისპირების არსი ამომრჩევლებისთვის?

კონკრეტულ „შეცდომებზე“ საუბარს მხოლოდ მხარეების მიზნებიდან ამოსვლით აქვს აზრი. თუკი ამოვალთ იქიდან, რომ სააკაშვილის მიზანი იყო პარტიაზე კონტროლის აღდგენა და ურჩი (აწ უკვე „ყოფილი“) თანაგუნდელების გვერდზე გაწევა, მისი სტრატეგია და კომუნიკაცია შეიძლება ძირითადად წარმატებულად ჩაითვალოს: მიუხედავად იმისა, რამდენად სამართლიანია მისი ბრალდებები პარტიის „კაბინეტური“ და უბრალო ხალხს დაპირისპირებული, „პეროიანი“ ელიტის მიმართ, ეს ტაქტიკა ეფექტურია. შედარებისთვის, სწორედ ასე დაამყარა კონტროლი დონალდ ტრამპმა ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაზე მისი ტრადიციული ელიტის ნების საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში, სააკაშვილმა კვლავ ძლიერი პოლიტიკური ინსტინქტი გამოავლინა. სხვა ამბავია, თუ მის ქმედებებს შევაფასებთ უფრო დიდი სტრატეგიული მიზნის, ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის, თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში, მისი არჩევანი, პარტიის საპარლამენტო დეპუტაციის უმრავლესობასთან გამიჯვნაზე წასულიყო, ჩემი აზრით, არსებითად არასწორია, რადგან მან ოპოზიციური ფრთის სერიოზული დასუსტება გამოიწვია.  

ამისგან განსხვავებით, „თბილისის ფრთის“ არგუმენტები და კომუნიკაცია შესაძლოა - ყოველ შემთხვევაში, ჩემი პირადი აზრით - უფრო რაციონალური ყოფილიყო, მაგრამ მის საზოგადოებასთან ურთიერთობას აკლდა თანმიმდევრულობა, სიცხადე და სიმკვეთრე. იყო ცალკეული ადამიანების ცალკეული გამონათქვამები, მაგრამ არ იყო კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგია, არ იყო ნათელი, ვინ ლაპარაკობს მათი სახელით. შეიქმნა პარადოქსული და ცოტა კომიკური მდგომარეობა, როცა მათი აზრის გამხმოვანებლად ბევრმა ჩათვალა თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელსაც ამის არც პრეტენზია და არც რწმუნება არ ჰქონია. ამანაც გარკვეული ზიანი მიაყენა „თბილისის ფრთას“.  

უფრო კონკრეტული შეცდომა იყო პარტიული სიიდან აჯანყებული „ექვსეულის“ ამოღება. პროცედურულად რამდენად სწორია ეს, ვერ განვსჯი, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია: „ფრთის“ ლიდერებს მკაფიოდ არ განუმარტავთ, რატომ არის ეს საჭირო და აუცილებელი. რაც მთავარია, ეს ზოგადად ცუდი პრეცედენტია. არჩევნებზე ხალხი ხმას აძლევს გარკვეულ სიას, ამის შემდეგ მისი რევიზია აღარ უნდა ხდებოდეს იმისდა მიუხედავად, ვის ეხება ეს რევიზია: სიის პირველ თუ ოთხმოცდამეათე ნომერს. თუ კანონი ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს, კანონია არასწორი, მაგრამ ეს არასწორი კანონიც არ უნდა გამოიყენო. 

ცალ-ცალკე რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს პარტიებს? გაიყოფა თუ არა უშუალოდ ენმ-ის ამომრჩეველი

სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი ძალიან რთულია. ორივე პარტიას ჯამში გაუჭირდება თუნდაც იმ დონის მხარდაჭერის მოპოვება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2016 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით ჰქონდა. ამ სკანდალის ფონზე, ბევრი მხარდამჭერი ორივე მხარის მიმართ დაკარგავს ნდობას. ამ აზრით, ორივე მხარე წაგებულია, მოგებული კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მმართველი რეჟიმია. 

ცხადია, არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი უკეთეს შედეგს ელოდა და გაწბილებულია, მაგრამ ამ შედეგს პოზიტიური მხარე ჰქონდა: პარტიამ შეინარჩუნა არამცთუ ძირითადი, არამედ პრაქტიკულად ერთადერთი ოპოზიციური ძალის როლი, წინა არჩევნებთან შედარებით გაზარდა მხარდამჭერთა აბსოლუტური რაოდენობა. სამომავლოდ ეს მნიშვნელოვანი კაპიტალი შეიძლებოდა გამხდარიყო. მაგრამ ახლა ვერცერთ ახალ „გაყოფილ“ პარტიას ვერ ექნება პრეტენზია, რომ ის არის ძირითადი ოპოზიციური ძალა. 

ახალი ძალის პერსპექტივა როგორი იქნება? ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გადაუწყვეტელი იყო, რაც წინა არჩევნებმაც აჩვენა. როგორი ტიპის ამომრჩეველზე შეიძლება გავიდნენ? პრაქტიკულად მოსუფთავებული ველის გათვალისწინებით.

თუ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განწყობებით და გამონათქვამებით ვიმსჯელებთ, მისმა ნაციონალურმა მოძრაობამ ძირითადად რადიკალური პროტესტის აქციებზე უნდა აიღოს ორიენტირი. მაგრამ ეს კიდევ უფრო დაავიწროებს მისი მხარდაჭერის ბაზას. ის შეიძლება 2007-2009 წლის ოპოზიციას დაემსგავსოს და მასავით მარგინალიზაცია განიცადოს. მეორე ფრთის პარტიას არც ისე ცუდი სასტარტო პოზიცია ექნება იმ პირობებში, როდესაც, ასე ვთქვათ, „არამიშისტური“ ოპოზიციის სივრცე პრაქტიკულად ცარიელი დარჩა. ეს სამომავლო წარმატების შანსია, მაგრამ არა გარანტია. მას სჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯები, ლიდერები, რომლებიც ხალხის ნდობას პიროვნულადაც მოიპოვებენ, ინტენსიური კომუნიკაცია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციულ მომხრეებთან (ერთგული „მიშისტების“ გარდა), ისე მათთან, ვინც ამ პარტიას ხმას აღარ აძლევდა. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. 

რა ეფექტი აქვს/ექნება გიგი უგულავას გათავისუფლებას და აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში დაბრუნებას?

გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის მომენტისთვის პარტიის გაყოფის პროცესი უკვე შეუქცევადი გახდა, მასზე ის გავლენას ვეღარ მოახდენდა. სამაგიეროდ, მას შეუძლია სერიოზული როლი ითამაშოს ახალი პარტიის ფორმირებაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ამ ფრთის ბაზაზე შეიქმნება. ამ ფრთას აქამდე არ ჰყავდა ლიდერის გამორჩეული ფიგურა, რომელიც მასობრივ ამომრჩეველთან ურთიერთობაშია გაწაფული. ეს მის სუსტ მხარეს შეადგენდა. გიგი უგულავას ამ სიცარიელის შევსების შანსი აქვს. 

კომენტარები