აწარმოე საქართველოში

სუბსიდირების ყველა სამთავრობო პროგრამა ერთიანი ოპერატორის ქვეშ გაერთიანდა

facebook.com/economypr

"აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის" - ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა მეწარმეობის განვითარებისთვის შექმნილი ყველა სამთავრობო სუბსიდირების პროგრამა.

გაერთიანება შეეხო პროგრამებს: "აწარმოე საქართველოში", "ერთიანი აგროპროექტი" - რომელიც თავის მხრივ სოფლის მეურნეობის სუბსიდირების რამდენიმე პროექტს აერთიანებს, ასევე - "სტარტაპ საქართველო", მიკრო და მინი გრანტები, "შეღავათიანი აგროპროექტი", ინოვაციების სააგენტოს პროექტები, "დანერგე მომავალი", დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა და ა.შ.

პროექტის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა, მას პრეზიდენტი და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი გახარიას თქმით, პროგრამების გაერთიანება თითოეული მათგანის ეფექტურობას გაზრდის. "სინერგიის ეფექტის საშუალებით სახელმწიფოს მიერ დახარჯულმა თითოეულმა თეთრმა უნდა მოიტანოს უფრო მეტი ეფექტი", - ამბობს გახარია.

"უკვე შეგვიძლია მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ სხვა პროდუქტებთან თანაბარ პირობებში იყიდეთ ქართული, რადგან ის არის კარგი და კონკურენტული. ყველა ჩვენგანს შეუძლია ამ საქმეში შეიტანოს საკუთარი წვლილი - ზოგს ინტერნეტსივრცეში, ზოგს შესყიდვებში, ზოგს შეუძლია იმოგზაუროს რეგიონებში და ქართული პროდუქციის პრომოცია გააკეთოს. ყველამ უნდა შევქმნათ პოზიტიური მოლოდინები, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული პროდუქტი იყოს ხარისხიანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ამ პროგრამების სუბსიდირების მოცულობები ასე გამოიყურება:

  • ერთიანი აგროპროექტი - 90 მილიონი
  • შეღავათიანი აგროკრედიტი - 47 მილიონი
  • სოფლის მეურნეობის საწარმოების თანადაფინანსება - 5 მილიონი 
  • დანერგე მომავალი - 7 მილიონი
  • მეწარმეობის განვითარება - 41 მილიონი
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიზინგი - 20 მილიონი
  • აგროდაზღვევა - 7 მილიონი
  • ინოვაციების სააგენტო - 8 მილიონი

კომენტარები