დონალდ ტრამპის პოლიტიკა

მაკკეინი: ტრამპის ბრძანება ტერორისტების რეკრუტირებას უფრო დაეხმარება

0 კომენტარი
ფოტო: Sojo.net

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა 90 დღით აეკრძალათ. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. ამერიკაში შესვლა არ შეეძლოთ ხსენებული ქვეყნებიდან მწვანე ბარათის, მოქმედი ვიზისა თუ სხვა დოკუმენტების მფლობელებს, თუმცა, გუშინ აეროპორტში გაჩერებულმა მგზავრებმა ნიუ იორკის სასამართლოში იჩივლეს და მოსამართლემ აეროპორტიდან დეპორტაცია შეაჩერა. ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები ტრამპის ბრძანებას აპროტესტებენ.

ჯონ მაკკეინმა განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა:

"ჩვენს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას თავისი საზღვრები, მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ მეტად უსაფრთხო გაგვხადოს.

აეროპორტებში არსებული მდგომარეობიდან, რამაც ერი დააბნია, ჩანს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება არ იყო სათანადოდ შესწავლილი. შეშფოთებული ვართ, რომ ბრძანება ისე მიიღო, რომ არ ჰქონია კონსულტაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, თავდაცვის, იუსტიციის სამინისტროებთან და უსაფრთხოების სამსახურთან.

ასეთი ნაჩქარევი პროცესი საფრთხისშემცველია. მწვანე ბარათის მფლობელები არ უნდა შევზღუდოთ, შემოვიდნენ ქვეყანაში, რომელსაც სახლს ეძახიან. არ უნდა გავაჩეროთ ისინი, ვინც ჩვენს სამხედრო დანაყოფებში თარჯიმნებად მუშაობდნენ და დიპლომატები, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად თავშესაფარს ითხოვენ. არ უნდა შევაქციოთ ზურგი იმ ლტოლვილებს, რომლებიც ჩვენი ერისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და რომელთაც ენითაღუწერელი საშინელება გამოიარეს, მათი დიდი ნაწილი ქალი და ბავშვია.

საბოლოო ჯამში, ვშიშობთ, რომ ეს ბრძანება ტერორიზმისკენ ბრძოლის გზაზე იქნება საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანი. ამ მომენტში, ამერიკელი ჯარისკაცები ერაყელ პარტნიორებთან ერთად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად. მაგრამ ეს ბრძანება ერაყელ პილოტებს უკრძალავს, დაბრუნდნენ არიზონას სამხედრო ბაზაში, რათა ვეომოთ საერთო მტერს. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში თავად მუსლიმების უმრავლესობაა, რომლებმაც უგულებელყვეს სიძულვილის აპოკალიპტური იდეოლოგია. ეს ბრძანება აგზავნის სიგნალს, შესაძლოა მიზანმიმართულად, რომ ამერიკას არ სურს, ქვეყანაში მუსლიმები შევიდნენ. ამიტომაც, გვეშინია, რომ ეს ბრძანება ტერორისტების რეკრუტირებას უფრო დაეხმარება, ვიდრე ჩვენს უსაფრთხოებას გააუმჯობესებს", - წერს მაკკეინი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები