თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: გათავისუფლებულთა შორის 340 სამხედრო და 1750 სამოქალაქო პირია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია. შედეგად, გათავისუფლებულია 340 სამხედრო და 1750 სამოქალაქო პირი.

სამხედროებს შორის 217 ოფიცერია, 123 კი სერჟანტი.

„209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი - 10 ათასი ლარი; კაპიტანი - 14 ათასი ლარი; მაიორი -18 ათასი ლარი; ვიცე-პოლკოვნიკი - 23 ათასი ლარი; პოლკოვნიკი - 29 ათასი ლარი“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ტაბულას მიაწოდა.

რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულია 400 შტატგარეშე და 1350 შტატიანი თანამშრომელი.

„სამოქალაქო პირებზე გაიცა კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია, სამხედრო პირების შემთხვევაში კი ეს იყო სამინისტროს კეთილი ნება, მათი დამსახურების პატივისცემა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. მაგალითად, 2010 წელს როცა მოხდა ოპტიმიზაცია, მაშინ საერთოდ არ გაცემულა კომპენსაცია და მით უმეტეს, ამ მასშტაბის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ოდენობის კომპენსაციები გაიცა“, - უთხრეს ტაბულას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

უწყების მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

„სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა. რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე თქმით, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, 2016 წლის 12 ნოემბერს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც არსებული საშტატო სტრუქტურები განიხილა და ოპტიმიზაციისათვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა.

„სამუშაო ჯგუფმა შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშტატო სტრუქტრურების რეორგანიზაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანებები 19 დეკემბერს გამოიცა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოპტიმიზაციის პროცესი მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა და შედეგად, 389 556 ლარი დაიზოგა. სამინისტროს ინფორმაციით, ეს თანხა მინისტრისა და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიური ანაზღაურება იყო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში საუბარია გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებში მრჩევლების შტატის გაუქმებაზეც. უწყების ინფორმაციით, შედეგად, მთლიანად, 1 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.

„2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33% ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა 32 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 748 მილიონითაა განსაზღვრული, აქედან 378 მილიონ ლარზე მეტი უწყებაში დასაქმებული 42 257 ადამიანის სახელფასო ფონდს წარმოადგენს. 2016 წელს უწყების სახელფასო ფონდი უფრო დიდი იყო და ის 404 მილიონ ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყებაა.

აღსანიშნავია, სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გუშინ, 30 იანვარს, აქციაც გამართეს, სადაც თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, გადადგომას მოითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი წინასწარ არ იყო დათხოვნაზე ინფორმირებული, ნაწილს კი საკომპენსაციო თანხა არ ჩაერიცხა. აქციის მონაწილეების თქმით, აქცია პერმანენტული ხასიათის იქნება და საჭიროების შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს მიმართავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლებას NATO-ს რეკომენდაციას უკავშირებენ, ხოლო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ ამ კონკრეტულ უწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უფრო ფრთხილად უნდა იყოს მიღებული.

კომენტარები