რუსთავი 2-ის საქმე

ხატიაშვილი: ეს არის შუშის სასახლის ფეოდალის ისტერია, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2

ზაზა ხატიაშვილი
ტაბულა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლას ეხმაურება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სურს.

"ეს არის შუშის სასახლის ფეოდალის ისტერია, ხელში ჩაიგდოს დამოუკიდებელი ტელეკომპანია და შეცვალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ვაცხადებდი პირველი დღიდან, ჩემთვის ეს სიურპრიზი არ არის, რომ ხდება ზეწოლა მოსამართლეებზე, მოხდება ზეწოლა სამოქალაქო სექტორის ზოგიერთ სახეზე, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გვერდზე არ დადგნენ", - თქვა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მოსამართლეებს წერილები და ტექსტური შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.

კომენტარები