საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მაკრონის პარტიის თავმჯდომარე: რუსეთი არჩევნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის პარტია En Marche!-ს თავმჯდომარის, რიჩარდ ფერანდის თქმით, მედიისა და ინტერნეტის საშუალებით რუსეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოპოვებასა და მაკრონის პრორუსი კონკურენტების დახმარებას ცდილობს.

ფერანდის თქმით, რუსეთს მოსწონს ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენისა და რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონის პოლიტიკური ხედვა და ამის გამო, რუსული მედიასაშუალებები Russia Today და Sputnik მაკრონზე "ყალბ ინფორმაციას" ავრცელებენ და აშშ-ის მარიონეტად იხსენიებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის საიტსა და მონაცემთა ბაზებზე კიბერშეტევები რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება. 

ფერანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და უზრუნველყოს არჩევნებში "უცხო ქვეყნის ჩარევის" პრევენცია. ფერნანდმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიხსენა, რომელშიც სადაზვერვო სამსახურებმა კრემლის მონაწილეობა დაადასტურეს.

"ამერიკელებმა ეს დაინახეს, თუმცა ძალიან გვიან", - თქვა ფერანდმა.

პარტია En Marche!-ს ლიდერი ემანუელ მაკრონი უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით საფრანგეთის პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად მოიაზრება.

კომენტარები