გიორგი მამალაძის საქმე

POG: დღევანდელი ინფორმაცია ინტერპრეტაციაა, იხელმძღვანელეთ 13 თებერვლის განცხადებებით

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

"მედიაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს" - საქართველოს მთავარი პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, უწყების მიერ 13 თებერვალს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით იხელმძღვანელოს.

"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს. ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

პროკურატურა საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს აცნობიერებს, თუმცა შესაძლო მსხვერპლთა ვინაობის შესახებ ან ვერსიებზე, რომლებზეც გამოძიება მუშაობს, ხსენებული ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. შესაბამისად გთხოვთ იხელმძღვანელოთ პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით.

ვერსიების გადამოწმების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. მას შემდეგ, რაც დასრულდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მოიხსნება გამოძიებისთვის საინტერესო პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს.

ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ჩატარებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები, რომლებზეც დანიშნულია სათანადო ექსპერტიზა" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განმარტა, რას გულისხმობდა "დიდი უბედურების თავიდან აცილებაში" და აღნიშნა, რომ "როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი".

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ამბობდა, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფოს წინაშე", იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა: „ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის".

გარდა ამისა, განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. დეპუტატები ხაზს უსვამდნენ პატრიარქის დაცვის გაძლიერებას. 

კომენტარები