საქართველოს საპატრიარქო

პრემიერი: უბედურების აცილებაა დეკანოზის დაკავება, ვინც საწამლავით მიდის ბერლინში

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი" - ეს კომენტარი პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, პატრიარქის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობასა და ვინაობას გამოძიება დაადგენს.

"მინდა, ვუსურვო პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელი ინსტიტუციის ერთიანობა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ, უადგილოა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. მივცეთ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ" - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ის ყველა დეტალს ფლობს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის. პროკურატურაში ამბობენ, რომ განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა", ვიცეპრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფოს წინაშე", იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა: „ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არამხოლოდ ეკლესიის, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის".

გარდა ამისა, განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. დეპუტატები ხაზს უსვამდნენ პატრიარქის დაცვის გაძლიერებას. ეკა ბესელიას თქმით, "მზადდებოდა მძიმე დანაშაული".

კომენტარები