გიორგი მამალაძის საქმე

POG: პატრიარქის ან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. "რეზონანსთან" საუბრისას უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის.

რეზონანსის ინფორმაციით, პროკურატურაში ამბობენ, რომ განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს.

"მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ", - განუცხადეს გამოცემას უწყებაში.

"რეზონანსის" ინფორმაციით, პროკურატურაში ამბობენ, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საგამოძიებო უწყება დეკანოზს პატრიარქის გარემოცვიდან ერთ-ერთი პირის მკვლელობის მცდელობას ედავება.

თუ ბრალდებაში ვისზეა საუბარი, ამას პროკურატურაში არ აკონკრეტებენ.

ტაბულა ცდილობს პროკურატურასთან დაკავშირებას, თუმცა უწყების პრესსამსახური სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე არ დააკონკრეტა, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. გარდა ამისა, დეკანოზი სახალხო დამცველთან საუბარში ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მაღალ სასულიერო იერარქზე საუბარი საერთოდ არ არის. უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა.

საქმეზე განცხადება გააკეთა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემაც. მისი თქმით, დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ბრალად არა პატრიარქის ან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა ედება. ადვოკატის კომენტარი ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. მამუკა ნოზაძე მამალაძის ადვოკატი არ არის, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, მან ინფორმაცია სანდო წყაროსგან მოიპოვა.

საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "აღკვეთილია ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". ვიცეპრემიერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფოს წინაშე".

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა: „ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არამხოლოდ ეკლესიის, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის".

გარდა ამისა, განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. დეპუტატები ხაზს უსვამდნენ პატრიარქის დაცვის გაძლიერებას. ეკა ბესელიას თქმით, "მზადდებოდა მძიმე დანაშაული".

აღსანიშნავია, რომ 14 თებერვალს განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებათა ცენტრმა. ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციას უხეშად არღვევენ.

"საქართველოს პრემიერმინისტრის, ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის ვიცესპიკერის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და სხვა პარლამენტარების მიერ გამოთქმული შეფასებები, რომ მზადდებოდა და აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ, არღვევს აღნიშნულ საქმეში დაკავებულის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები