საქართველოს საპატრიარქო

HRIDC: ხელისუფლება დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმციას უხეშად არღვევენ. HRIDC შეშფოთებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

"საქართველოს პრემიერმინისტრის, ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის ვიცესპიკერის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და სხვა პარლამენტარების მიერ გამოთქმული შეფასებები, რომ მზადდებოდა და აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ, არღვევს აღნიშნულ საქმეში დაკავებულის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს: „ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.

აღნიშნულ საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უცნობია დაკავებული დეკანოზის პოზიცია. ინფორმაციას მედიას ვერ აწვდის მისი ადვოკატიც, რადგან პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა. მედიაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, რომელთა ნაწილი არათუ დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობას აყენებს ეჭვის ქვეშ, არამედ თვითონ დანაშაულსაც.

ამ ვითარებაში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რამაც, ამავე დროს, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების წინასწარი აზრის ფორმირებაზე და საფრთხე შეუქმნას სამართლიან და მიუკერძოებელ სამართალწარმოებას აღნიშნულ საქმეზე" - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი და აღნიშნავს, რომ მათი იურისტი ამჟამად იმყოფება რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას ორგანიზაცია მოგვიანებით გაავრცელებს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

კომენტარები