საქართველოს საპატრიარქო

ილია II: შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის თქმით, მისი გერმანიაში ყოფნის დროს, შეიქმნა "უცნაური სიტუაცია", რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. პრეზიდენტთან და წმინდა სინოდის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ილია მეორის სიტყვა საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგესალმებით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის და პირადად ჩემი სახელით.

ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იძულებული ვიყავი წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გააკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა და ეს არის არა მარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას.

უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ - რა ხდება საქართველოში. ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს", - თქვა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მას "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.

პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. მისი ბერლინში ყოფნის პერიოდში, პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა დეკანოზი გიორგი მამალაძე. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, პროკურატურაში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის. გუშინ კი, მამალაძის ადვოკატმა თქვა, რომ დაკავებულს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებიან.

კომენტარები