საქართველოს საპარტრიარქო

რ2: სოსო ოხანაშვილი პოსტს ტოვებს, პატრიარქის დაცვას ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს

სოსო ოხანაშვილი

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს და ის ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს. 

ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ბუჩუკური ილია მეორეს დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს მისი კანდიდატურა პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს. რის შემდეგაც ისინი ილია მეორემ დალოცა. 

ასევე რუსთავი 2-ის წყაროს ცნობით, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესი დაიწყება და ოხანაშვილი პოსტის დატოვებას მხოლოდ გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.

ტაბულა ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურთან, ასევე, სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებას. საპატრიარქოს ოფიციალურ სპიკერთან, დავით შარაშენიძესთან სატელეფონო ზარზე უცნობმა პირმა გვიპასუხა და გვითხრა, რომ ის "დაკავებულია, ვერ გიპასუხებთ".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა, 23 თებერვალსაც გავრცელდა. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ოხანაშვილი ილია მეორის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა. კითხვაზე, "კვლავ მუშაობს თუ არა სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობაზე", ბოტკოველმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

აღსანიშნავია, რომ მიქაელ ბოტკოველმა იმავე დღეს თანამდებობა დატოვა და გუშინ, 24 თებერვალს, პოსტზე დეკანოზი დავით შარაშენიძე დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ სოსო ოხანაშვილი ბერლინიდან თბილისში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასაკითხად ჩამოიყვანეს, ხოლო მის ნაცვლად, გერმანიაში პატრიარქის და მისი გარემოცვის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავდა. სოსო ოხანაშვილი არის პატრიარქის ძმისშვილის დიმიტრი შიოლაშვილის სიძე (ქალიშვილის ქმარი).

აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბოლოს, ქადაგებისას, მეუფე იაკობმა საპატრიარქოს დაცვის სამსახურის წევრებსა და მის ხელმძღვანელს სოსო ოხანაშვილს ეკლესიასთან ბრძოლასა და ეპისკოპოსების წინააღმდეგ სტატიების შეკვეთაში დასდო ბრალი. ქორეპისკოპოსი იაკობი დაცვის სამსახურის დახურვითაც დაიმუქრა.

კომენტარები