საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: არც ჩხრეკა ჩატარებულა და არც ბეჭედი დაკარგულა

news.ge

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია საპატრიარქოში ჩატარებულ ჩხრეკასთან და ბეჭდის დაკარგვასთან დაკავშირებით. დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ილია მეორის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკურია.

"სრული აბსურდია. არანაირი ჩხრეკა, მსგავსი სამართლებრივი მოქმედება საქართველოს საპატრიარქოში არ ჩატარებულა. მქონდა გასაუბრება მისი უწმინდესობის დაცვის უფროსთან, ბატონ ზურაბ ბუჩუკურთან, ასევე დაცვის სხვა წევრებთან და არცერთმა მათგანმა ეს მოვლენა არ დაასტურა.

ბეჭედი თავის ადგილზეა. არსებობს ორი ბეჭედი, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. ერთი ბეჭედი პატრიარქს აქვს მუდმივად და ამ ბეჭდით ხდება მნიშვნელოვანი ქონებრივი თუ ეკონომიური საქმიანობის განკარგვა. არსებობს მეორე ბეჭედი და ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული მომსახურების ბეჭედი. როდესაც პატრიარქი ან არ იმყოფება საქართველოში, ან უშუალოდ არ არის, მხოლოდ და მხოლოდ მასთან შეთანხმებით ხდება ამ ბეჭდის გამოყენება. ეს შესაძლებელია იყოს ქალბატონი შორენა, შეიძლება იყოს სხვა ადამიანი, რომელიც პატრიარქის ნდობით არის აღჭურვილი. ბეჭედი არ დაკარგულა, უბრალოდ ცოტა გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ მეუფე გერასიმე დაინიშნა გერმანიის მიტროპოლიტად და ბეჭედი იქნა დასმული საქართველოში მაშინ, როდესაც მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ბერლინში", - თქვა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ.

დღეს, მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემაც აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ.

კომენტარები