რუსთავი 2-ის საქმე

მედიის წარმომადგენლები: იმედია, სტრასბურგი ძალაში დატოვებს აღსრულების შეჩერებას

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებიც უერთდებიან და განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერები აღნიშნულ საქმეში არსებული პოლიტიკური გავლენისკენ მიუთითებენ და სტრასბურგის სასამართლოსგან ელიან, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ტელეკომპანიის საქმის საბოლოო განხილვამდე შეჩერდება.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე.

სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა.

რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია.

ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარული ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი2–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად, ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუსს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო.

მედიაპლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2 -ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე",  - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ნინო ჯანგირაშვილი,  ტელეკომპანია “კავკასიის”  დირექტორი
მამუკა ღლონტი,  რადიო “მაესტროს” დირექტორი, შპს სტუდია “მაესტროს”  ერთ–ერთი მფლობელი
ილია კიკაბიძე, შპს ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორი
ლიკა ბასილაია,  ვებპორტალი “ევროპა საქართველოსთვის“
დიანა ტრაპაიძე, ტელეკომპანია “პირველის“ ჟურნალისტი, გადაცემა “დღის ამბების“ წამყვანი
ირაკლი ტაბლიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. გადაცემა “ვექტორის“ თანაწამყვანი
გიორგი ისაკაძე,  ფონდი ბიზნესმედია საქართველო. გადაცემების: საქმიანი დილა, ანალიტიკა, ბიზნესკონტრაქტი, ქალების ნარატივის ავტორი.
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი.
ია ბობოხიძე , საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე
ნესტან ცეცხლაძე, ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი
ეთერ თურაძე , ჟურნალ ბათუმელების მთავარი რედაქტორი

თაზო კუპრეიშვილი, on.ge- ს მთავარი რედაქტორი

გენადი უჩუმბეგაშვილი – ინტერნიუს – საქართველო;

გვანცა ფიფია – სააგენტო აქცენტის დირექტორი;

სოფო ჩხაიძე – გაზეთ 24 საათის მთავარი რედაქტორი;

მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;

მაია ჭალაგანიძე – გაზეთ WEEKEND –ის მთავარი რედაქტორი;

პაატა ვეშაპიძე – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;

ნინია კაკაბაძე – ბლოგერი;

ირაკლი მანაგაძე – ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსის მთავარი რედაქტორ;

მაკა ჯახუა – ასოციაცია მწვანე ტალღა

რამაზ სამხარაძე – საქართველის რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე, სამაუწყებლო კმპანია ჰერეთის (რადიოები თბილისისა და ჰერეთის) დირექტორი და დამფუძნებელი;

გელა მთივლიშვილი . საინფორმაციო ცენტრეების ქსელის რედაქტორი

ეკა ალფაიძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი

თამარ ჩერგოლეიშვილი -“ტაბულას” მთავარი რედაქტორი

ეკა შინდაგორიძე - სააგენტო ნიუპოსტის მთავარი  რედაქტორი

ნინო ჭელიძე – სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის დირექტორი;

რომან ქევხიშვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;

რაულ ქირია- ახალი ამბების სააგენტო FRONT NEWS;

ზვიად ფოჩხუა – საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი;

ეკა ჯანაშია – ჟურნალისტი; პირველი რადიო;
სალომე აჩბა – მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი;
ახალი ამბების სააგენტო timer.ge;
მარგარიტა ახვლედიანი – JAMnews;
ინგა გრიგოლია – ტელეკომპანია პირველი;
დავით კანდელაკი – საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო.

კომენტარები