რუსთავი 2-ის საქმე

ჩუგოშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია

თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, რუსთავი ორის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კითხვები და გაკვირვება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ხოლო 7 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 

"სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, ანუ კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული აქამდე არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია, მათ შორის, საერთაშორისო პირებში და უწყებებშიც. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლო. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და, შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრს", - ამბობს ჩუგოშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაუგებარია, თუ რატომაა გამოხატვის უფლება საკუთრების უფლებაზე პრიორიტეტული. ხოლო იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების სისტემაზე.

კომენტარები