რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ყარამანიშვილების შემოთავაზებას ვიღებთ და შპს-ს ვაფუძნებთ

ტაბულა

რუსთავი 2 ძმებ ყარამანიშვილების შეთავაზებას "ტელეკომპანია საქართველოს" საკონტროლო პაკეტის გადაცემის თაობაზე იღებს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, ორშაბათს, 27 მარტს დაფუძნდება შპს, რომელიც იქნება წილის მფლობელი. გვარამიამ ამ გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა.

"ჩვენ ამ შემოთავაზებას ვიღებთ, როგორც ძალიან კარგ შემოთავაზებას და უკვე ორშაბათს დავაფუძნებსთ შპს "რუსთავი ორის გუნდს" და ის იქნება ამ 51%-იანი წილის მფლობელი.
51%-ის ასე დანაწილება ადამიანებზე უფრო ცოტა მანევრის შესაძლებლობას ტოვებს, ხოლო 51%-ის მფლობელი კომპანიის 100%-ის დანაწილება უფრო მეტი მანევრირების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ არ გვინდა იმ მდგომარეობაში ჩავვარდეთ, რომ 51% რომ განაწილდება პირობითად 20 თუ 25 ადამიანზე და თითოეულს ექნება 2-2%, თუნდაც 2%-იანი წილის მფლობელი რომ გადავიდეს მეორე მხარეს, იქით აღმოჩნდება 51%. ეს განხეთქილებასაც შემოიტანდა გუნდში და გარკვეულ რისკებსაც წარმოშობდა, რომ ჩვენ ამ 51%-ს დავკარგავდით. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს 51% იქნება შპს "რუსთავი 2-ის გუნდის" ხელში. ვინ იქნება და რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს-ს, ეს უნდა გადაწყვიტოს კოლექტივმა", - ამბობს გვარამია.

მისივე თქმით, ამას გუნდი გადაწყვეტს დღეს, სრულ შეკრებაზე, რომელიც 19:00 საათზე გაიმართება.

გარდა ამისა, ნიკა გვარამია ამბობს, რომ შპს "რუსთავი 2-ის გუნდი" ვერ გაყიდის თავის წილებს და საკუთრებას ძმებ ყარამანიშვილების თანხმობის გარეშე.

"ჩვენ გვესმის ის საშიშროება, რომ ვინმე არ შემოვიდეს დამფუძნებლებში გარედან, რისი მცდელობებიც სულ იყო ამ პერიოდის განმავლობაში. ეს სამართლებრივად უნდა ჩაიკეტოს. როგორც შიგნით წილების გაყიდვა იქნება ძალიან მაღალი კონსენსუსის საგანი, ასევე თავად შპს-ს გაყიდვა", - ამბობს გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ყარამანიშვილების შეთავაზებას რევოლუციურს და უპრეცედენტოს უწოდებს. მისი თქმით, იმედია, დღევანდელი განცხადება იქნება ბოლო საჯარო განცხადება ამ საკითხზე, რადგან ტელეკომპანია იზიარებს ყარამანიშვილების მოწოდებას, რომ ეს ყველაფერი უკვე კონსულტაციების რეჟიმზე უნდა გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ძმებმა ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა რუსთავი 2-ის კოლექტივს შპს TV საქართველოს საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს, რომელიც სწორედ ამას გულისმხობდა. ამ შეთავაზებით კოლექტივმა ყარამანიშვილების მხრიდან კუთვნილი 40%-იანი წილის გადაცემაზე უარი თქვა.

კომენტარები