რუსთავი 2-ის საქმე

ყარამანიშვილები: ახალი შპს არის გზა, გადაწყვეტილება მხოლოდ მცირე ჯგუფმა მიიღოს

რუსთავი 2

ძმები ყარამანიშვილები ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობენ. ყარამანიშვილების თქმით, მათი ინიციატივა რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივისთვის წილების გადანაწილებას ითვალისწინებდა, გვარამიას განცხადება შპს-ს შექმნის თაობაზე კი, ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების დიდი ნაწილის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი თავდაპირველი ინიციატივა ითვალისწინებდა რუსთავი 2-ის წილების გადაცემას ტელეკომპანიის მთელი კოლექტივისთვის. საპასუხოდ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაგვდო ბრალი, რომ ჩვენი შეთავაზება იყო ფიქცია და წამოგვიყენა ერთგვარი ულტიმატუმი.

უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებლად, ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, კოლექტივისთვის გადაგვეცა ტელეკომპანია საქართველოს 51%, ხოლო წილების გადაცემის დეტალები შეთანხმებულიყო ყველა თანამშრომლის მონაწილეობით, ღიაობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.

დღეს ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვევლი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ "მეორე მხარეს". გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია", - წერს ლევან ყარამანიშვილი საკუთარ FB გვერდზე.

ძმები ყარამანიშვილების განცხადებით, გვარამიას შემოთავაზება ეწინააღმდეგება ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების უმრავლესობის ნაწილს.

"გვინდა ყველას კარგად ესმოდეს - ამგვარი სქემა არის უმოკლესი გზა იმისკენ, რომ რუსთავი 2-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა, რაც არასდროს ყოფილა ჩვენი ინიციატივის მიზანი და რაც ეწინააღმდეგება როგორც ტელეკომპანიის, ასევე მისი თანამშრომლების დიდი უმრავლესობის ინტერესებს.

დაბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწორი ფინანსური მენეჯმენტის და ხარჯების მკაცრი კონტროლის პირობებში, სრულიად რეალისტურია კომპანიის გაყვანა მოგებაზე და დივიდენდების დარიგება. ამიტომ, მიუღებელია გენერალური დირექტორის მიერ დღეს გაჟღერებული მინიშნება, რომ ტელეკომპანიაში დივიდენდი არასდროს იქნება", - წერს ყარამანიშვილი.

დღეს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ 27 მარტს დაფუძნდება შპს, რომელიც ტელეკომპანია საქართველოს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება. წილები კი თანაბრად 20-25 თანამშრომელზე გადანაწილდება.

შეგახსენებთ, რომ ძმებმა ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა რუსთავი 2-ის კოლექტივს შპს TV საქართველოს საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს, რომელიც სწორედ ამას გულისმხობდა. ამ შეთავაზებით კოლექტივმა ყარამანიშვილების მხრიდან კუთვნილი 40%-იანი წილის გადაცემაზე უარი თქვა.

კომენტარები