სირია

ლევან იზორია: აშშ-ის დარტყმები სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი

facebook.com/pg/mod.gov.ge

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი", - ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის მიერ სირიის საჰაერო ძალების დაბომბვაზე.

"ეს ღონისძიებები მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი. ამასთან, ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანების მსხვერპლი",- თქვა თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-მა სირიის საავიაციო ძალებზე სამხედრო იერიში განახორციელა. ხმელთაშუა ზღვაში განთავსებული ორი ავიამზიდიდან აშშ-მ ქალაქ ჰომსში მდებარე სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის 59 რაკეტა ისროლეს. მომხდარის გამო გლობალურ ბაზრზებზე ნავთობისა და ოქროს ფასი გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, საჰაერო იერიშის მიზეზი სირიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ილდიბში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

დაბომბვის საპასუხოდ რუსეთმა აშშ-სთან "საჰაერო მშვიდობის" ხელშეკრულება შეაჩერა. ხელშეკრულება სირიის საჰაერო სივრცეში აშშ-სა და რუსეთს შორის მშვიდობიან მოქმედებასა და ურთიერთადპირისპირების თავიდან აცილებას ემსახურებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-მ ვერ შეძლო იმ ფაქტების მოყვანა, რომელიც დაადასტურებდა იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას. ლავროვის თქმით, აშშ-ს სამხედრო იერიში იდლიბის ინციდენტამდე ჰქონდა დაგეგმილი.

კომენტარები