17 მაისი

17 მაისს საპატრიარქო რუსთაველიდან სამების ტაძრამდე ლოცვით მსვლელობას აწყობს

აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი
patriarchate.ge

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში ლოცვითი მსვლელობა გაიმართება - ინფორმაცია ტაბულას საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა მიაწოდა. მამა კახაბერის თქმითვე, ღონისძიება 10 მაისს, აჭარიდან, აწყურის ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებით დაიწყება.

"აუცილებლად გაიმართება მსვლელობა. 10 მაისს დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა. აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება აჭარაში, მოივლის საქართველოს და 16 მაისს მობრძანდება სვეტიცხოველში . ამ ხატთან ერთად იმოგზაურებს ივერიის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატიც. ორი ხატი იმოგზაურებს ერთად, თუმცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი მცხეთაში შეუერთდება და აჭარიდან არ შემობრძანდება, 17 მაისს მობრძანდება თბილისში და გაიმართება ლოცვითი მსვლელობა ფილარმონიიდან წმინდა სამების ტაძრამდე, სადაც მრევლი, სამღვდელოებასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და დაილოცებიან ოჯახები. ეს იქნება ოჯახის სიწმინდის დღე", - თქვა ტაბულასთან საუბარში დეკანოზმა კახაბერმა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს, ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების რუსთაველის გამზირზე დარბევის შემდეგ, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები