NDI-ის გამოკითხვა

NDI: საქართველოში რუსული პროპაგანდაა - 47%, არ არის - 27%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. 

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, მოსახლეობის 47% დადებითად პასუხობს, 27% - უარყოფითად, 26%-მა კი არ იცის.

სრული კითხვა ასეთი იყო - პროპაგანდა განიმარტება, როგორც დამახინჯებული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია რომელიმე ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა, მისი ქმედებების გამართლება და დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დანერგვა. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს?

NDI-ის დასკვნით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ რუსეთისადმი დადებითად განწყობილი რესპონდენტები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოში არ არსებობს რუსული პროპაგანდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები