ე.წ ციანიდის საქმე

სასამართლო: მომდევნო სხდომაზე, გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

მარიამ ტარიელაშვილი/Fb.com

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მომდევნო სხდომაზე სახაზინო ადვოკატი დაიცავს. სასამართლო განხილვა 30 მაისს, 11:00 საათზე გაგრძელდება. ცნობისთვის, მოსამართლე ბესიკ ბუნიაგიშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დაიხურა. ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ დღევანდელი პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და ადვოკატებსაც მოუწოდა სხდომების ბოიკოტირებისკენ.

"სასამართლომ სხდომების დახურვის გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.

ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება"- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მამალაძის ბარგის დათვალიერებისას "ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს".

გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ციანიდის და გველის შხამის შეძენა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

კომენტარები