აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

ამასთან, პროკურატურის მტკიცებით, აუდიტის სამსახური დანაშაულის ნიშნების შემცველი მასალების საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნას აჭიანურებს.

"აუდიტის სამსახურის მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოს პროკურატურამ მას წერილობით მიმართა და მოითხოვა 2016 წელს ქ. თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით უწყებაში მიმდინარე აუდიტის მასალების გადმოგზავნა. ამ მომენტამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული მასალები არ მოუწოდებია.

დღეს, მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, კვლავ მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გამოძიებისთვის საჭირო აუდიტის შესაბამისი მასალების გამოთხოვის მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე შუალედური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა საეჭვო გარემოებაზე, რაც ფარცხალაძის კომპანიის საქმიანობას უკავშირდება. ამასთან, ანგარიშის თანახმად, აუქციონი ჩატარდა ისე, რომ გამარჯვებული ოთარ ფარცხალაძე ყოფილიყო,

ანგარიშის მიხედვით, კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი იქამდე, სანამ მისი მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძე გახდებოდა, მდინარე ვერეს ხეობაში ფლობდა 3.2 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. 2011 წელს ამ ნაკვეთზე ახალმა გზამ გაიარა, კომპანია ზარალის ფულად ანაზღაურებას მერიისგან 2012 წლიდან ითხოვდა. აუდიტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინ მერიამ კომპანიას ზარალი არ აუნაზღაურა. კომპანიას ზარალი მხოლოდ 2016 წელს, მას შემდეგ აუნაზღაურდა, რაც მისი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე გახდა. 

"მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები" - აცხადებს აუდიტის სამსახური.

კომენტარები