საქართველო-აშშ

მატკავა თომას მელიას: უცხოელმა ინვესტორებმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართონ

"მათ შეუძლიათ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართონ," - ასე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მატკავამ თომას მელიას კითხვას გახმაურებულ სასამართლო დავებზე.

8 ივნისს ვაშინგტონში, საქართველოს მთავრობამ საქართველოსა და აშშ-ის 25-წლიანი დიპლომატიურ ურთიერთობის აღსანიშნავად კონფერენცია გამართა. USAID-ის ხელმძღვანელის თანაშემწემ ევროპასა და ევრაზიაში და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, თომას მელიამ ირაკლი მატკავას ისეთ გახმაურებულ სასამართლო დავებზე ჰკითხა, როგორიც არის რუსთავი 2-ის, ფილიპ მორისისა და ჯორჯიან მანგანეზის საქმეები.

"პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ჩემი ცნობით, თქვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია დამოკიდებულია სწორ, შეუზღუდავ გარემოზე, სადაც ეს ინვესტიციები დაცული იქნება, სადაც არის სისტემა და პროცესი, რომელშიც სასამართლო დავები გამჭვირვალედ გადაწყდება და იქნება სამართლიანი სასამართლო ან სხვა საარბიტრაჟო მექანიზმი, რომელსაც ადამიანები ენდობიან და დავა გადაწყდება კანონების მიხედვით.

იმის თქმა მსურს, რომ არსებობს სასამართლო დავები, ყურადსაღები საქმეები, როგორიცაა მაგალითად რუსთავი 2-ის მესაკუთრეზე კითხვები. ცოტა ხნის წინ კი რამდენიმე მედიასთან კავშირში არ მქონე კომერციულ სასამართლო დავებსაც ჰქონდა ადგილი ერთერთი უკავშირდება ფილიპ მორის ინთერნეიშენალს, რომელსაც დავა ჰქონდა ქართული თამბაქოს კომპანიასთან და საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.

ასევე, გასულ თვეში ჯორჯიან მანგანეზის საქმეც მოხვდა სასამართლოში, რომელიც მთლიანად ამერიკის საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და მე მჯერა, რომ ის კერძო სექტორის ერთერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია და ერთერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია საქართველოდან. თუ სწორად გავიგე, ბოლო რამდენიმე კვირაში ეს კომპანია ფაქტობრივად ექსპროპრიირებულია. მისი ხელმძღვანელობა თბილისის სასამართლომ გადააყენა და პროცესი დაჩქარებული და გაუმჭვირვალე ჩანდა," - ამბობს თომას მელია.

მან, ასევე, დაამატა, რომ თბილისის სასამართლომ ჯორჯიან მანგანეზის ექსპროპრიაცია მოახდინა. მელიამ აღნიშნა, რომ მართალია მატკავა არ არის პასუხისმგებელი პირი ყველა მინისტრის ქმედებაზე საქართველოში, მაგრამ შესაძლოა, მაინც ჰქონდეს პასუხი.

"თქვენ მართალი ხართ. მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ სხვების ნაცვლად ვილაპარაკო მათ მოვალეობებზე. ვფიქრობ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ პირველ რიგში, თუ პრობლემა ნამდვილად არის, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი არის პირველი, ვისაც მისი აღმოფხვრა შეუძლია.

რაც მთავარია, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ამ გზას [რეფორმების გზას] ვაგრძელებთ. მინდა ვთქვა, რომ საქართველო არაფერს მალავს ხალიჩის ქვეშ და ჩვენ ვაცნობიერებთ უფრო ღრმა რეფორმების საჭიროებას და ეს აუცილებლად ასეც იქნება. რაც შეეხება ჩამოთვლილ საქმეებს, ნებისმიერ მათგანს შეუძლია უფრო ღრმად წავიდეს და მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს. საქართველო ყოველთვის აღიარებდა ასეთი საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებებს. მათ [რ2, ჯორჯიან მანგანეზი, ფილიპ მორისი] შეუძლიათ იქ იპოვოს სამართალი,"- ამბობს მატკავა.

კომენტარები