საკონსტიტუციო მონარქია

კობახიძე: გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება, ვიფიქროთ კონსტიტუციურ მონარქიაზე

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „კონსტიტუციურ მონარქიას სერიოზული პლუსები აქვს და შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე". ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის პატრიარქის თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას, მის თითოეულ მოწოდებას. ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ჩვენსა და პატრიარქს შორის. პატრიარქის თითოეული სიტყვის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ჩვენ თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ" - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, აქვს თავისი სერიოზული უპირატესობები.

"პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში და ზოგადად, პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ვიფიქროთ ზოგადად ამაზე. თუ იქნება საქართველოში შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს, რაც შეიძლება, ფართოდ საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება იქნას გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები