ტენდერები

შსს: ხეჩიკაშვილის კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს არ შეიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, კომპანია „იბერია ავტოცენტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს არ შეიცავს. შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამის შესახებ "ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრული დეზინფორმაცია". სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სატენდერო პირობების მორგებაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება.

"შსს-სთვის ავტომობილების შეძენა წარმოადგენს საპოლიციო საქმიანობის განხორციელების აუცილებელ საჭიროებას და მოცემული ფაქტის განსაკუთრებულ მოვლენად წარმოჩენა არის სპეკულაცია. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონტრაქტით შს სამინისტრო ახორციელებს მხოლოდ საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების შეძენას, რაც პოლიციის სრულფასოვან მუშაობას ემსახურება და კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი.

შსს-ს მიერ ტენდერის გზით, საპოლიციო მიზნებისთვის ავტომობილების შეძენა 2007 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ხორციელდება.

საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების ერთიანი ტექნიკური სტანდარტი (მათ შორის, ტექნიკური სატენდერო მოთხოვნების სახით) ჩამოყალიბდა 2007 წლიდან, როდესაც საპატრულო პოლიციამ საქართველოს მასშტაბით სრულად ფუნქციონირება დაიწყო.

2007 წლიდან დღემდე (გარდა 2014 წლისა), ტენდერი იმართება ყოველწლიურად, ერთი და იმავე სატენდერო პირობების, ტექნიკური მახასიათებლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.

2017 წელს სატენდერო პირობებში არანაირი ცვლილება შეტანილი არ ყოფილა.

2007-2017 წლების განმავლობაში ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა ერთი და იგივე კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ აქვს დიდი გამოცდილება და რესურსი, საქართველოში ექსკლუზიურად შემოჰყავს და სერვისს უწევს პოლიციის საქმიანობისთვის ყველაზე მოხერხებულ და ეკონომიურ ავტომობილებს. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ავტომანქანებს წარმატებით იყენებს ათობით ევროპული ქვეყნის პოლიციის სამსახურები" - აცხადებს შსს.

ცნობისთვის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია "იბერია ავტოცენტრისგან" შინაგან საქმეთა სამინისტრო 176 მანქანას ყიდულობს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ამისთვის ხეჩიკაშვილის კომპანია 8 642 860 ლარს მიიღებს. ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია ტენდერში უკონკურენტო იყო.

აქვე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაისიდან დღემდე, სპორტის მინისტრის კომპანიებისგან სხვადასხვა უწყებებმა 493 ავტომობილი შეისყიდეს. ამ ტენდერების საერთო ღირებულება 22.9 მილიონი ლარია. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ ხეჩიკაშვილის შემდეგი კომპანიები: იბერია ავტო ცენტრი, იბერია ავტო, კია მოტორს ჯორჯია და კავკასუს მოტორსი.

კომენტარები