განათლების სამინისტრო

რა შეიძლება დაჯდეს ჯეჯელავას ვაშლების პროგრამა

ტაბულა

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის 11 აგვისტოს წარადგინა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა. საპილოტე პროექტი სექტემბრიდან იმ სკოლებში დაიწყება, რომლებშიც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს. შესაბამისად, საპილოტე პროექტი 60 ათასამდე ბავშვს ეხება, შემდგომში კი პროექტი შესაძლოა ყველა სკოლაზე გავრცელდეს.

რა შეიძლება დაჯდეს ვაშლების პროგრამა

განათლების სისტემაზე საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 1.1 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, ეს ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შემდეგ ყველაზე დიდი მხარჯავი უწყებაა. მისი ხარჯები თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებასაც აღემატება, აქედან 655 მილიონი ლარით ზოგადი განათლება ფინანსდება. 

დღეისთვის საჯარო სკოლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვების პროგრამა არ არსებობს. შესაბამისად, ვაშლების დარიგების პროექტი ამ მხრივ პირველი ფართომასშტაბიანი პროგრამა იქნება. სახელმწიფო ვაშლებს კვირაში ერთხელ დაარიგებს.

წარმოგიდგენთ ვაშლების პროგრამის პირობით კალკულაციას იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ყველა მოსწავლისთვის გადაწყვეტს ვაშლების დარიგებას:

საქართველოს 2 000 საჯარო სკოლაში 508 000 მოსწავლეა. პირობითად, ამ მოსწავლეების ვაშლებით დაკმაყოფილებისთვის 508 000 ვაშლია საჭირო. 

ერთი ვაშლის საშუალო წონა 85 გრამია (0.085 კგ.) ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვებს კვირაში 43 ტონა ვაშლი დასჭირდებათ. 

სასწავლო წელი დაახლოებით 170 დღისგან შედგება, ეს კი 34 კვირას ნიშნავს. 

შესაბამისად, სასწავლო წლის მანძილზე ბავშვებს 1.4 ათასი ტონა ვაშლი დასჭირდებათ. 

ბაზარზე ერთი კილოგრამი ვაშლის საშუალო წლიური ღირებულება დაახლოებით 2 ლარია. თუ სახელმწიფო ვაშლებს ამ ფასად შეიძენს, წლის მანძილზე 1.4 ათასი ტონა ვაშლი 2.9 მილიონი ლარი დაჯდება.

ვაშლების ღირებულებას სერვისის მიწოდების ღირებულებაც ემატება (ვაშლების შენახვა, სკოლებში ტრანსპორტირება) ეს კი, წლის მანძილზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს. 

საპილოტე პროექტის ღირებულება კი, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დაახლოებით 300-400 ათასი ლარი იქნება.

კომენტარები