საქართველო-რუსეთი

ზახაროვა: დახმარების თხოვნა შვეიცარიის საელჩოში საქართველოს სექციიდან მივიღეთ

sputniknews

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ხაზაროვა რუსთავი 2-თან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის თხოვნა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან მიიღო.

"თბილისისგან მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში. შეტყობინება გაფორმებული იყო ნოტით რუსეთში შვეიცარიის საელჩოში არსებული საქართველოს ინტერესების სექციიდან. რუსულმა მხარემ ამ თხოვნაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოყო რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავი “ილ 76”, თუმცა შემდგომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია და რუსული მხარის დახმარების საჭიროება აღარ იყო. ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ხანძრისა და მისი შედეგების ლიკვიდირება" - თქვა ზახაროვამ რუსთავი ორის ცნობით და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან ნოტა 23 აგვისტოს მიიღო.

"რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის საუბარს, შემიძლია, გითხრათ რომ კონტაქტი ნარჩუნდება ამ დონეზე და დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს"- ამბობს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 22 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაცის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტაბულასთან საუბრისას საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის დახმარების თხოვნის ფაქტი უარყო. 

მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა თქვა, რომ რუსეთმა ქართულ მხარეს თავად შესთავაზა დახმარება. 

ამის შემდეგ, განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ, რომლის მიხედვითაც, დახმარება ქართულმა მხარემ ითხოვა. МИД-ის განმარტებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება მოჰყვა.

"შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა" - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები