ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის აგრესიის წინააღმდეგ ყველა სცენარი განიხილება

kcna

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის თქმით, "ჩრდილოეთ კორეის აგრესიის წინააღმდეგ ყველა შესაძლო სცენარი განიხილება." კორეის კომუნისტურმა რეჟიმმა დღეს იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლა. რაკეტამ დილის 06:00-ზე კუნძულ ჰონსიუს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. 

რაკეტების გასროლას ჰოკაიდოსა და ჰონსიუს ჩრდილოეთ ნაწილში განგაშის გამოცხადება მოჰყვა, მთავრობამ მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ sms შეტყობინებები გაუგზავნა. რადიოებსა და ტელევიზიებში კი სპეციალური მიმართვა გავიდა ეთერში.

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ ჩრდილოეთ კორეის ამ ქმედებას იაპონიისათვის უპრეცედენტო საფრთხე უწოდა. მოსალოდნელია, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ საპასუხოდ საგანგებო სხდომა გამართოს.

ოფიციალური განცხადებით ჩრდილოეთ კორეამ სამი რაკეტა გაუშვა, თუმცა მათი ტრაექტორიები უცნობი იყო. იაპონიის ოფიციალური სააგენტოების განცხადებით რაკეტა ზღვაში ჩავარდნამდე სამ ნაწილად დაიშალა.

მომხდარის შესახებ პრემიერმა სინძო აბემ პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათ ისაუბრეს ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაზრდაზე. პრემიერის განცხადებით, ტრამპმა მას უთხრა, რომ ამერიკა 100%-ით მხარში უდგას იაპონიას. 

"მუქარები და ვითარების დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ აძლიერებს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიმართ არსებულ საერთაშორისო იზოლიაციას. ამერიკის შეერთებული შტატები მათი აგრესიული ნაბიჯების წინააღმდეგ ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს", - ამბობს დონალდ ტრამპი.

რაკეტა ჰაერში 15 წუთის განმავლობაში იყო. ის გასროლის წერტილიდან 1 180 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

სავარაუდოდ იაპონიის მიმართულებით რაკეტის გაშვება აშშ-იაპონიის სამხედრო წვრთვნებზე კორეის პასუხია. აღნიშნული წვრთნები სწორედ კუნძულ ჰოკაიდოზე ჩატარდა. უახლოეს მომავალში მსგავსი წვრთნები სამხრეთ კორეაშიც გაიმართება.

რაკეტის გასროლის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. შესაბამისად, კომუნისტური ქვეყნის მოსახლეობამ მათი ქვეყნის ლიდერის უკანასკნელი პროვოკაციული ნაბიჯის შესახებ არაფერი არ იცის.

კომენტარები