მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში შესვლას ევროპარლამენტარებთან ერთად აპირებს

Reuters

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა. სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში შესვლას კრაკოვიცას სასაზღვრო პუნქტით, ევროპარლამენტარებთან ერთად აპირებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სააკაშვილი დანიაში, კოპენჰაგენში იყოფება და ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ექსპრეზიდენტი EPP-ის ლიდერს შეხვდა და როგორც რუსთავი 2-ს უთხრა, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში დაბრუნება იყო.

"EPP-ის ხელმძღვანელობასთან, ევროპარლამენტის წევრებთან ბოლო კვირეები სულ მაქვს ურთიერთობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემო შეიქმნა უკრაინაში. უკრაინაში მე ვარ ერთერთი ყველაზე მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ისინი ხელოვნურად ცდილობენ ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში სიტუაცია ვითარდება ასევე ძალიან სწრაფად, ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან და ოლიგარქები ყველგან ახლა არიან მორყეულები. ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის და არც ჩვენთვის, იმ ხალხისთვის, ვინც მე მხარს მიჭერს უკრაინაში, ჩვენი მხარდამჭერებისთვის საქართველოშიც და ჩვენი მხარდამჭერებისთვის უკრაინაშიც. უკრაინის დიასპორა უცხოეთში, ისევე როგორც ქართველები სხვათაშორის, მასობრივად მიჭერენ მე მხარს და ეს მახარებს, იმიტომ რომ ეს არის უკრაინის საზოგადოების ყველაზე წინ წასული ნაწილი", - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილისვე თქმით, უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, რათა ის ქვეყანაში არ შევიდეს.
„უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში არ გადავიდე. საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ბრონიტექნიკა, დააყენეს მავთულხლართები. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა, საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა ასეთი გამაგრებები აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან. პირველად ხდება ასეთი რამე ისტორიაში. ეს აჩვენებს მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ მათ ჩემი ძალიან ეშინიათ. გაუჭირდებათ არ შეშვება და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. ამიტომ, დავაკვირდებით მოვლენებს. ახლა ჩემი გეგმა არის მხოლოდ ერთი - შესვლა, დაბრუნება, სათავეში ჩადგომა მოძრაობის ბოლომდე და საქმის ბოლომდე მიყვანა“, - ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რა დროსაც ის აშშ-ში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილსა და დოკუმენტში ჩამოთვლილ სხვა პირებს მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26-ე პუნქტისა და უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.

უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს აშშ-ში მყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთს, ლიტვასა და უნგრეთს ესტუმრა.

კომენტარები