აზიური ფაროსანა

დანელია: ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში შესაძლოა ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო

აჭარის ტელევიზია

ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ამის შესახებ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამუშავებულია 53 ათასი ჰექტარი მიწა, სადაც თხილნარია დარგული, იგეგმება კიდევ 20 ათასი ჰექტარის დამუშავება. თუმცა ვითარება იმდენად მწვავეა, რომ აღნიშნული ღონისძებები საკმარისი არ არის. 

"აზიური ფაროსანას მიმართულებით ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არაერთხელ ვიყავით ჩასული სხვადასხვა რაიონში, სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება. თუმცა, ეს პრობლემა ცდება სოფლის მეურნეობის მასშტაბებს და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან მავნებლის მიგრაცია მოხდება სწორედ ტყეებში, რათა გამოიზამთროს და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება იქნება აუცილებელი. არ არის გამორიცხული ავიაციის ჩართვაც გახდეს აუცილებელი", - თქვა ოთარ დანელიამ. 

აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც დასავლეთ საქართველოში თხილნარს და ხე-ხილს მოედო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მწერი 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს ანადგურებს. მავნებელს არაპროგნოზირებადი გადაადგილების უნარი აქვს, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მცენარეებით იკვებება, გამოსაზამთრებლად კი როგორც ტყეში, ასევე სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებში შედის. მავნებელმა დასავლეთ საქართველოში თხილის სექტორს დაახლოებით 70 მილიონი ლარის ზარალი უკვე მიაყენა. 

კომენტარები