რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა

ლავროვი: ტრამპის განცხადებები ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ შემაშფოთებელია

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლაში ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ შეთანხმებაზე გაკეთებული კომენტარები  შემაშფოთებელია.

ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ რუსეთი "დაიცავს ამ დოკუმენტს, ამ კონსენსუსს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება შვებით შეხვდა და რომელმაც ჭეშმარიტად გააძლიერა როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მშვიდობა."

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა გაეროში თავის პირველ გამოსვლაში ირანის ატომურ შეთანხმებას ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ცალმხრივი ტრანზაქცია უწოდა და თქვა: "ჩვენ ვერ დავემორჩილებით ისეთ შეთანხმებას, რომელიც ატომური პროგრამის განვითარებას უქმნის საფარს"

რუსეთი შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერია და მისი პოზიცია ეფექტურობის შესახებ ტრამპის პოზიციისაგან რადიკალურად განსხვავდება.

რაც შეეხება ტრამპის ჩრდილოეთ კორეისადმი მიმართულ მუქარას, ამაზე ლავროვმა თქვა, რომ "თუ შენ მხოლოდ დაგმობ და დაემუქრები, ჩვენ გამოვიწვევთ იმ ქვეყნის ანტაგონიზმს, რომელზე გავლენის მოხდენაც გვინდა." რუსეთის პოზიციით კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია.

გარდა ამისა, ლავროვმა აშშ 1987 წლის იარაღის კონტროლის შესახებ შეთახმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც ხმელეთზე რუსულ და ამერიკულ საშუალო-დისტანციის ბალისტიკურ რაკეტებს კრძალავს. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წლის დასაწყისში იგივე ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ წამოაყენეს, თუმცა ლავროვის თქმით არსებობს ეჭვი, რომ სწორედ აშშ არღვევს შეთანხმებას.

კომენტარები