საბავშვო ბაღები

მერია: დირექტორს და აღმზრდელებს ფაქტის გამოძიებამდე უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ბავშვის ფანჯრიდან გადმოვარდნის დროს სასწავლო პროცესს ზედამხედველობდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყება გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

"მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებისვე მიხედვით, მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

გარდა ამისა, უწყება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან.   

თბილისის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს, 25 სექტემბერს გადმოვარდა.

"არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რომ მეორე სართულდან გადმოვარდა. ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ბავშვის მდგომარეობა არ არის კრიტიკული", - ამბობს ბაღების სააგენტოს პრესსამსახური ტაბულასთან.

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინგოროყვას კლინიკაში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიაგნოსტიკა და პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ბაღის დირექტორის განცხადებით, აღსაზრდელი "ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა".

ამის შესახებ მარინა გოგოლაძემ რუსთავი 2-ს სატელეფონო ინტერვიუში უთხრა.

"ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგერ ექიმს ვესაუბრებით და ყველაფერი კარგად არის. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ და მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა", - ამბობს გოგოლაძე.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა ტაბულასთან ამბობს, რომ ბავშვის გადმოვარდნის, ასევე დირექტორის განხადებასთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება იქნება.

კომენტარები