კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კარლოს პუჩემონტი: კატალონიამ დამოუკიდებლობის უფლება მოიპოვა

კატალონიის ლიდერის კარლოს პუჩემონტის თქმით, რეგიონმა სახელმწიფოს სტატუსის ქონის უფლება მოიპოვა და დამოუკიდებლობის ცალმხრივი დეკლარირებისათვის ყველა პირობა არსებობს.

კატალონიის მთავრობის ინფორმაციით, რეფერენდუმში, რომელიც ოფიციალურმა მადრიდმა უკანონოდ სცნო, მონაწილეთა 90%-მა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა. უკანასკნელი მონაცემებით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 42,3% გამოცხადდა, რაც ჯამში 2,2 მილიონ ადამიანს შეადგენს. კატალონიის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, 750,000-მდე ხმის დათვლა საარჩევნო უბნების დახურვის და ურნების კონფისკაციის გამო ვერ მოხერხდა.

ესპანეთის პრემიერმინისტრის მარიანო რახოის თქმით, კატალონიის მოსახლეობა არალეგალურ რეფერენდუმში მონაწილეობით შეცდომაში შეიყვანეს.

ესპანეთის მთავრობა შეეცადა, ხელი შეეშალა კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარებისათვის. მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად კატალონიის მხარის ინფორმაციით, 844 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 33 პოლიციელი.

კომენტარები