სოფლის მეურნეობა

აშშ-ის სავაჭრო პალატა პრემიერს: მიწის მორატორიუმი საინვესტიციო კლიმატს აზიანებს

Reuters

"რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება მორატორიუმი, მით უფრო დაზარალდება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი", - პრემიერმინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგილმა.

სექტემბერში გამართული ინვესტორთა საბჭოს სხდომის ჩანაწერების ოქმიდან ცნობილი ხდება რომ მიწების მორატორიუმთან დაკავშირებით მთავრობამ შენიშვნები არაერთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან მიიღო.

EBRD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანსუა მალიჟმა განაცხადა, რომ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვაზე დაწესებული რეგულაცია სრულიად შეუსაბამო იქნება თუ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

ამასთანავე ინვესტორთა საბჭო სპეციალურ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ კანონი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. 

"ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995) აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული", - აღნიშნავს, საბჭო. 

ქართულმა ოცნებამ მიწების მორატორიუმში გარკვეული ცვლიელებები უკვე შეიტანა. აკრძალვის თავდაპირველმა ვარიანტმა საქართველოს მოქალაქეებს წაართვა უფლება მიწა გაესხვისებინათ უცხოელებზე, უცხოელებს კი ამ მიწის შესყიდვის უფლება გაუქრო. აღნიშნულმა აკრძალვამ კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი გამოიღო, რაზეც მის შემქნელ კანონმდებლებს რეგულაციის მიღების დროს არ უფიქრიათ, ის კომერციულ ბანკებს სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტებას უზღუდავდა.

საქმე იმაშია, რომ აკრძალვა ვრცელდება უცხოელების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან კომერციული ბანკებიც, რომლებსაც პარლამენტმა მორატორიუმის პირველი ვერსიით სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აუკრძალა.

მიწის ფლობის აკრძალვით კი კომერციულ ბანს უფლება წაერთვათ გამხდარიყო გადაუხდელი კრედიტის შედეგად სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწის მფლობელი, ეს კი საერთოდ კრედიტის გაცემას აზრს უკარგავდა.

მთავრობამ აღნიშნული სამართლებრივი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სექტემბერში მორატორიუმში ცვლილება შეიტანა, რითიც უცხოელთა მფლობელობაში არსებულ ბანკებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის უფლება მიეცათ.

ეს ქართული ოცნების მიერ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმია.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

კომენტარები