მიწა 1 ლარად

შსს: სახალხო დამცველის მხრიდან ადგილი აქვს პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის მიერ საკრებულოსთან დაკავებული პირების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სახალხო დამცველმა ფაქტს არასწორი ინტერპრეტირება მისცა. შსს-ს განცხადებაში სახალხო დამცველის მხრიდან "ბოლო პერიოდში საქართველოს პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე" არის საუბარი.
 

სამინისტრო განმარტავს, რომ პოლიცია, საკრებულოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს, მოქმედებდა კანონის ფარგლებში და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შსს-ს სისტემაში, დაკავებულ პირებთან ურთიერთობის, მათი მონახულების პრობლემა არასდროს შექმნიათ

„გამოვხატავთ შეშფოთებას, ვინაიდან სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გაჟღერებული, დაუსაბუთებელი ბრალდებები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამართალდამცავი ორგანოს - შსს-ს მიმართ, რამაც ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ უწყების დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტს. სახალხო დამცველს მართებს, მიუკერძოებლად შეასრულოს კონსტიტუციური ორგანოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. მას, როგორც ომბუდსმენთა საერთაშორისო გლობალური გაერთიანების წევრს, ჯეროვნად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ომბუდსმენის ინსტიტუტსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობა და მოქმედებდეს ობიექტურად, კრიტიკული დამკვირვებლის პოზიციიდან, მიმართავდეს ყველა ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტებით. ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ერთპიროვნული შეფასებებით, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანითა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის თვითდისკრედიტაციით.“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე წერია, რომ სახალხო დამცველის მხრიდან დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდაზე საუბარი, დაუსაბუთებელი და ზედაპირული, რაც არ ასახავს ობიექტურ ჭეშმარიტებას.

„ როდესაც სახალხო დამცველი პოლიციას ადანაშაულებს სისასტიკესა და ძალის გადამეტებაში, მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მონათხრობის საფუძველზე, მით უფრო, იმ დროს, როცა აღნიშნული პირი მისი მეუღლის ნათესავი და მის ოჯახთან დაახლოებულია, იყენებს სახალხო დამცველის მანდატს ყაჩაღობაში ბრალდებული ნათესავის გასამართლებლად, ვფიქრობთ, დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს თავად პოლიციელთა უფლებები და არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ პირთა მხრიდან პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე.“ - წერია განცხადებაში.

ორი დღის წინ საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი დააკავეს. სახალხო დამცველმა მაშინ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არ მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, დაკავებული აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ, რის გამოც დაკავებულების მონახულების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწრაფად და ოპერატიულად არ თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან და გონივრული, ლეგიტიმური მიზეზების გარეშე აფერხებენ დაკავებულ პირებთან მათი დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.” - ეწერა ნანუაშვილის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის საკრებულოსთან ყოფილი პრემიერისთის ბიძინა ივანიშვილისათვის მიწების გადაცემის ფაქტს აპროტესტებდა. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომა რომელზეც ეს საკითხი უნდა განხილულიყო დაიხურა და მოქალაქეებსა და დეპუტატებს დასწრების უფლება არ მიეცათ. სწორედ სხდომის დახურვამ გამოიწვია დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.

კომენტარები