ლიკა ქავჟარაძე

ოქიტაშვილი: ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი დეკემბერში გაიხსნება

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი 2017 წლის დეკემბერში გაიხსნება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. იქამდე, ოქიტაშვილმა თქვა, რომ ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აღარ გაიხსნებოდა, რადგან „მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი, ზოგადად, არ იხსნება“. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ "ხეივანს ვაკეთებთ, სადაც ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი საპატიო ადგილს დაიკავებს".

„ეს პროექტი დაწყებული იყო, რომელზეც მე და ლიკა ქავჟარაძე ვმუშაობდით. პროექტის აზრი არის ის, რომ ადამიანს სიცოცხლეში უნდა სცე პატივი. პროექტი დეკემბერში დასრულდება და, სამწუხაროა, რომ ის ლიკა ქავჟარაძის გარეშე შედგება. თუმცა, მე ვიცი, ლიკას როგორც სურდა თავისი ვარსკვლავის გახსნა. მთხოვა ფილმების კოლაჟი, თუ როგორ უნდა დაგვემონტაჟებინა. ახლა ვხვდები, რომ რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა, ვინაიდან ამბობდა, რომ კოლაჟის დამთავრება მარიტას კადრებით სურდა, სადაც ტალახს ესვრიან. ვკითხე, თუ რატომ სურდა საზეიმო ღონისძიების ამ მძიმე კადრებით დასრულება, თუმცა თქვა, რომ ასე უნდოდა. ყველაფერი ისე გაკეთდება. როგორც მას სურდა“, - უთხრა ოქიტაშვილმა ინტერპრესნიუსს.

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.

კომენტარები