ევროპული საქართველო

კახიძე: ლოგიკა - "თუ არ დაგაკავეს, გარიგებული ხარ", მელიას ყველაზე მეტად არ აწყობს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, გოგა ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალდება "უპასუხისმგებლო" და "ბრიყვულია". მისი თქმით, ლოგიკა, რომ "თუ თავისუფლებაში ხარ ან ციხეს თავი დააღწიე, ავტომატურად გარიგებული ხარ", სასაცილოდ სწორედ მელიასგან ჟღერს.

"ვისაც ეს პირდაპირ არ აწყობს, ვისი პირიდანაც უფრო სასაცილოდ ჟღერს, სწორედ მელიაა. 

დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ივანიშვილის ხელისუფლებაზე, მის პოლიტიკურ დაკვეთაზე და იმ სასამართლოზე, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავს. ეს უნდა იყოს ოპოზიციის მთავარი სამიზნე. ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე და შიდაოპოზიციურ გარჩევის თემად ქცევა ონიანის დაპატიმრება არის უპასუხისმგებლობა და სიბრიყვე" - ამბობს კახიძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აწყობს საუბარი ენმ-ევროპული საქართველოს დაპირისპირებაზე.

"ნიკა მელია ნამდვილად ბრალდებულია ხუთი წლის განმავლობაში. ის ციხეში არ მჯდარა და იმედია, არც მოუწევს ჩაჯდომა. თუ ის თავს დააღწევს ივანიშვილის მარწუხებს საერთაშორისო ზეწოლიდან გამომდინარე ან თუ ივანიშვილს არ მოუნდება პოლიტიკური ფასის გადახდა მისი დაკავებით, ეს იქნება მხოლოდ კარგი და კი არ წამოაძახებს ევროპული საქართველო, რომ "შენ რაკი თავისუფლებაში ხარ, გარიგდი", პირიქით, ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი არ შეემატოს ივანიშვილის პირადი პატიმრის რიგებს.

ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთების ნაცვლად ჯობია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დაკავდეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან ოპონირებით. მე ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მისი კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან ამ აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას არ იზიარებენ" - თქვა კახიძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ადვოკატი გიორგი ონიანი ევროპულ საქართველოში რომ გადასულიყო, მას არ დააკავებდნენ.

"გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას, დათო კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და დაიწყებენ, როგორ წუხან თურმე, დღეს ის დაკავებული არ იქნებოდა" - თქვა მელიამ, რომლის წინააღმდეგაც, სისხლის სამართლის საქმე 2013 წლიდან მიმდინარეობს. ე.წ. ქართუ ბანკის საქმის განხილვა ხუთი წლის წინ დაიწყო, მელია არცერთ ეტაპზე არ დაუკავებიათ. 

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დარბაზში დააკავა. მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

კომენტარები