სითი პარკი

City Park: კალაძეს არასწორი სტატისტიკა მიაწოდეს, ჯარიმების მხოლოდ 0,2% ხდება სადაო

კომპანია City Park კახა კალაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ არჩეულ მერს არასწორი სტატისტიკა მიაწოდეს და შეცდომაში შეიყვანეს.

„გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2% ხდება სადაო და აქედანაც, დავის შემდეგ, უმეტეს საქმეებს იგებს კომპანია „სითი პარკი““ - განმარტავს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე.

„სითი პარკის“ წარმომადგენლის თქმით, კომპანიასთან შეკითხვები დედაქალაქის ყოფილ მერს დავით ნარმანიასაც ჰქონდა, რომელმაც თავის მხრივ, კომპანიის საქმიანობის შემოწმება კერძო აუდიტურ კომპანიას დაუკვეთა.

„დასკვნაში წერია, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კომპანიას შეუწყდეს კონტრაქტი, იქედან გამომდინარე, რომ კომპანია ახორციელებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას პირნათლად და კანონის დაცვით.“ - განაცხადა ლევან ტაბიძემ.

ცნობისთვის, არჩეულმა მერმა კახა კალაძემ 9 ნოემბერს თქვა, რომ თბილისის მერია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავს.

“ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი, თუნდაც რომ ვნახოთ სტატისტიკა, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% არის გამამართლებელი განაჩენი, მოქალაქეების საკეთილდღეოდ გამოტანილი. შესაბამისად, მაშინ ჩნდება კითხვა, ანუ ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? შესაბამისად, მივმართავთ სამართლებრივ გზას,”- აღნიშნა კახა კალაძემ და არ გამორიცხა, რომ თბილისის მერიამ "სითი პარკის" წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.

კომენტარები