თბილისის მერია

კახა კალაძე ნუგზარ ჭონქაძეზე: არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა

თბილისის მერის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნული ნუგზარ ჭონქაძე "ჩოხოსანი და კარგი თამადაა". კალა კალაძემ ასე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა ჭონქაძის წარსული საქმიანობის შესახებ. 

"ნუგზარ ჭონქაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო. უსაფრთხოების სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას. ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, იყო „პროგრესბანკის“ უსაფრთხოების სამსახურში. სხვა რომელ წარსულზე საუბრობთ? არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? საინტერესოა, რომ განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ცოცხებით. მე არ მიყვარს წარსულ წლებზე საუბარი, რადგან ხალხი ელოდება მომავალ განვითარებას, ელოდება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება, თუმცა მიწევს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეხსენება, რაც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს", - თქვა კალაძემ "ინტერპრესნიუსის" ცნობით. 

ნუგზარ ჭონქაძის მერიაში თანამდებობაზე დანიშვნა საკრებულოს ოპოზიციამ გუშინ გააპროტესტა. მათ თქვეს, რომ ჭონქაძე ზონდერია და განსაკუთრებული აგრესიულობით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა.

ტაბულამ ეს ინფორმაცია გადაამოწმა. გაირკვა, რომ ფეისბუქზე სულიკო კედელაშვილის ფსევდონომით ის ჰომოფობიურ პოსტებს წერდა. ასევე, ამბობდა, რომ "უცხოელთა მასიური ჩამოსახლებები და დამკვიდრება" აღიზიანებს და ამაში "სერიოზულ საშიშროებას ხედავს".

ამასთან, თბილისის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი მიიჩნევდა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებს "ისიც არ უნდათ, ქუჩაში გამვლელმა დედა შეაგინოს და პანჩური უთავაზოს".

გარდა ამისა, "სულიკო კედელაშვილი" კახა კალაძეს უცენზურო პოსტებით იცავდა და მის კრიტიკოსებს აგინებდა 

კომენტარები